ჟურნალ „კულტურის ისტორიისა და თეორიის საკითხები“ კონცეფციასაზოგადოების განვითარების თანამედროვე ეტაპზე სამეცნიერო ინფორმაციის მოპოვება შეიძლება როგორც ტრადიციულად ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული წყაროების საშუალებით. სამეცნიერო პროგრესის დაჩქარების მიზნით აუცილებელია, სამეცნიერო ინფორმაციის ბაზა გახდეს უფრო ხელმისაწვდომი, რაც შეიძლება, ფართო აუდიტორიისათვის: პროფესორ-მასწავლებლების, მეცნიერ-თანამშრომლების, სტუდენტებისა და სხვა პოტენციური მკითხველებისათვის, რომელთა გარკვეულ ნაწილს ხელი არ მიუწვდება სტაციონარულ სამეცნიერო ბიბლიოთეკებზე.
ჟურნალი „კულტურის ისტორიისა და თეორიის საკითხები“, რომელიც ბეჭდვითი ფორმით გამოდის 1995 წლიდან, წარმოადგენს თანამედროვე სამეცნიერო გამოცემას, რომლის მიზანია, ერთი მხრივ, პოპულარიზაცია გაუწიოს ქართულ სამეცნიერო მიღწევებს ჰუმანიტარული მეცნიერებების დარგში და, მეორე მხრივ, გააცნოს ქართულ აკადემიურ წრეებს საზღვარგარეთული ჰუმანიტარული მეცნიერებების თანამედროვე დონე, ხელი შეუწყოს ჰუმანიტარული მეცნიერებების განვითარებას. ჟურნალი მოწოდებულია, შექმნას კონსტრუქციული შემოქმედებითი გარემო მასში წარმოდგენილი ჰუმანიტარული მეცნიერებების დარგების შემდგომი აღმავლობისათვის; პოპულარიზაცია გაუწიოს მათ თანამედროვე მიღწევებს.
ისტორია, არქეოლოგია, აღმოსავლეთმცოდნეობა, ფილოსოფია, კულტუროლოგია, რელოგიათმცოდნეობა, ეთნოლოგია, ქართველოლოგია, ლიტერატურათმცოდნეობა, ენათმეცნიერება ჩვენი თანამედროვე ჰუმანიტარული მეცნიერებების წამყვანი დარგებია. ეს მიმართულებები ხანგრძლივი დროის განმავლობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჰუმანიტარული აზროვნების ისტორიაში. ამ დარგების განვითარებას ჩვენსავით მცირერიცხოვანი ერებისათვის წმინდა მეცნიერულთან ერთად დიდი ეროვნული მნიშვნელობაც აქვს. შესაბამისად, ჟურნალ „კულტურის ისტორიისა და თეორიის საკითხების“ რედაქტორისა და სარედაქციო საბჭოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ შექმნილიყო ჟურნალის ვებ გვერდი.
იმედი გვაქვს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე „კულტურის ისტორიისა და თეორიის საკითხების“ ვებ გვერდის დაფუძნება დიდ სამსახურს გაუწევს ქართული ჰუმანიტარული მეცნიერებების შემდგომ განვითარებასა და სამეცნიერო დონის ამაღლებას, დააჩქარებს უახლესი სამეცნიერო ინფორმაციის პუბლიკაციასა და სამეცნიერო წრებრუნვაში ჩართვას, გაამარტივებს მასში დაბეჭდილი ინფორმაციისა და საარქივო მასალების მოპოვებას, აამაღლებს ავტორების პერსონალური ციტირების ინდექსის მაჩვენებელს, თვითიზოლაციისა და საინფორმაციო ვაკუუმის თავიდან აცილების მიზნით შექმნის მდიდარ საინფორმაციო ბაზას, რომელშიც წარმოაჩენს სხვადასხვა სამეცნიერო სკოლის მიღწევებს.
ჟურნალი „კულტურის ისტორიისა და თეორიის საკითხები“ განკუთვნილია ჰუმანიტარული პროფილის სპეციალისტებისათვის: პროფესორ-მასწავლებლებისათვის, მეცნიერ-თანამშრომლებისა და დოქტორანტებისათვის, რომელშიც წარმოდგენილია შემდეგი დარგები:
• ისტორიოგრაგია
• არქეოლოგია
• აღმოსავლეთმცოდნეობა
• კულტუროლოგია
• ფილოსოფია
• რელიგიათმცოდნეობა
• ეთნოლოგია
• ქართველოლოგია
• ლიტერატურათმცოდნეობა
• ენათმეცნიერება
ჟურნალი დაფუძნებულია ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯერ კიდევ 1995 წელს ისტორიის ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით და გამოდის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათ ფაკულტეტის მხარდაჭერით.
ჟურნალი „კულტურის ისტორიისა და თეორიის საკითხები“ აკმაყოფილებს ორიგინალური სამეცნიერო ჟურნალების ყველა ძირითად მოთხოვნას:
• ყოველწლიურად გამოიცემა ნაბეჭდი სახით;
• გამოდის დადგენილი გრაფიკით;
• 2017 წლიდან ქვეყნდება ინტერნეტის ქსელით;
• რეცენზირებადია.
„კულტურის ისტორიისა და თეორიის საკითხები“ გამოდის ძირითადად ქართულ ენაზე. უცხოენოვანი (ძირითადად ინგლისური) რეზიუმის დართვით. მასში გამოქვეყნებული სტატიები ხელმისაწვდომია ყველასათვის.
ჟურნალის საქმიანობას უძღვებიან სამეცნიერო რედაქტორი, სარედაქციო საბჭო, რომლის წევრებიც არიან შესაბამისი სამეცნიერო დარგების მაღალკვალიფიციური ქართველი და უცხოელი მკვლევრები.
2023-01-26