ქართული / English /







ჟურნალი ნომერი XXXVII ∘ ნინო თომაძე
ბაჰრელი მამლუქების მმართველობის ხანისა და ქრისტიანული აღმოსავლეთის ისტორიის ურთიერთმიმართებისათვის

XIII–XV საუკუნეები ქრისტიანული აღმოსავლეთის ისტო-რიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდია. სწორედ ამ გვიანი შუასაუკუნეებისა და ახალი დროის გარდამტეხ ხანაში ადგილი ჰქონდა აფრო-აზიურ რეგიონში ქრისტიანობის ღრმა კრიზისს, რომელმაც გამოიწვია აქ არსებული ქრისტიანული თემების დაქვეითება-დეგრადაცია.
სამწუხაროდ, წყაროთა სიმწირე ზემოხსენებული ეპოქის ღრმა კვლევის საშუალებას არ გვიტოვებს და ყველაზე რეა-ლისტური სურათების დახატვაში ქრისტიანულ აღმოსავლეთში მდებარე მონასტრებისა და ბერ-მონაზონთა ისტორიული ევო-ლუციის ანალიზი გვეხმარება, რადგან მონასტრები (მით უფრო მუსლიმური გარემოცვის მომძლავრების ჟამს) იყვნენ ქრისტია-ნული თემის ცენტრები, სულიერი კულტურის კერები, მათ ირ-გვლივ მცხოვრებ ქრისტიანთა იდენტობის შემნარჩუნებლები. ამასთანავე, ბერ-მონაზონთა გაქრობა და სამონასტრო კერების მოშლა იწვევდა ქრისტიანთა ისლამიზაციასა და მათ მუსლი-მურ მოსახლეობასთან ასიმილაციას.
XIII–XV საუკუნეების ქრისტიანული აღმოსავლეთის საის-ტორიო წყაროების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მონას-ტრებთანაა დაკავშირებული. იქ დაცული ხელნაწერები, მომ-ლოცველ-პილიგრიმთა ჩანაწერები, იურიდიული აქტები, ტიპი-კონები, აღაპები, მეცნიერებს დიდ საკვლევ მასალას აძლევს [13.60 ].
XIII საუკუნეში პალესტინის და ახლო აღმოსავლეთის სა-მონაზვნო ცხოვრების დაცემა იწყება ეგვიპტეში ბაჰრელთა დი-ნასტიის (1250-1382 წწ.) მამლუქი სულთნების გაბატონებიდან, რომელიც გლობალურ კრიზისში გადაიზარდა. მამლუქთა ხე-ლისუფლება სასტიკად დევნიდა ქრისტიანებს, მოუწოდებდა მომთაბარე ბედუინებს დაერბიათ ქრისტიანული სავანეები. ამას ემატებოდა ეკონომიკური სტაგნაცია და შავი ჭირის ეპიდემია, რამაც აფრო-აზიური რეგიონის ბევრი ქრისტიანული თემის გაქრობა და დაქვეითება გამოიწვია.
მიუხედავად ამისა, საინტერესოა, რომ ბაჰრელთა საერთა-შორისო კონფლიქტები მონღოლებთან და ჯვაროსნებთან პრაქტიკულად არ შეხებია პალესტინაში მდებარე იორდანის ხეობას და იუდეის მთებს [19.85]. სამწუხაროდ, იერუსალიმის სამეფოს დაცემის შემდეგ მდგომარეობა შეიცვალა: კათოლიკე ბერების მცირერიცხოვანმა კოლონიამ დატოვა პალესტინის უდაბნოები და მათი მიტოვებული ადგილები მალე აითვისეს მართლმადიდებელმა ბერ-მონაზვნებმა [16.112-113]. თუმცა, ბაჰ-რელთა ხელისუფლების მომძლავრების გამო, პალესტინის ქრისტიანულმა სავანეებმა მალევე დაკარგეს მიწები და ვენახე-ბი, რომელიც ჰქონდათ იერუსალიმის ჯვაროსანთა სამეფოს არსებობისას (ეს მიწები მუსლიმურ რელიგიურ დაწესებულებებს გადაეცათ). ამით მათ ფიზიკური არსებობის ერთადერთი წყა-რო გამოეცალათ და ქრისტიანული ქვეყნების მმართველებისა და მომლოცველ-პილიგრიმთა მოწყალებისა და შემოწირულო-ბების ამარა დარჩნენ [13.62].
ბაჰრელ მამლუქთა პოლიტიკა იწვევდა სამონაზვნო ცხოვ-რების სტაგნაციას. მან განსაკუთრებით დააზარალა პალესტინა-ში მდებარე მონასტრები, რომლებიც, როგორც ჩანს, მუსლიმ მმართველებს აღიზიანებდა. მაგალითად, წმინდა საბას (საბაწ-მინდის) ლავრასთან ახლოს მამლუქებმა, იერუსალიმიდან იე-რიქონში მიმავალ გზაზე, ააშენეს სუფიათა სამლოცველო სახ-ლი (ზავია) ნაბი მუსა. უფრო მეტიც, XV საუკუნის ისლამური წყაროს თანახმად, 1269 წელს ბაჰრელმა სულთანმა ბუნდუკ-დარ ბაიბარსმა (1223-1277 წწ.) (რომელიც განსაკუთრებული აგ-რესიით გამოირჩეოდა ქრისტიანთა მიმართ) ამ ზავიის გადაკე-თება-განახლებაში მიიღო მონაწილეობა და ბრძანა იქვე არსე-ბული ქრისტიანული მონასტრის, ას-სიკის (მეცნიერთა აზრით, საუბარია წმინდა საბას (საბაწმინდის) ლავრაზე, თუმცა ზოგი მეცნიერი თვლის, რომ ესაა წმინდა ეფთვიმეს ან წმინდა თეო-დოსი დიდის (კინოვიარქის) ტაძრები) კელიების დანგრევა. ბაი-ბარსს მოეჩვენა, რომ ეს მონასტერი, სადაც სამასი ბერი ცხოვ-რობდა, შესაძლოა ჯვაროსნებს გამოეყენებინათ თავიანთ პლაცდარმად, თუ იერუსალიმზე თავდასხმას დააპირებდნენ [17. 238]. ზოგადად, ჯვაროსნების პალესტინაში გამოჩენის შიში მამ-ლუქებს სულ ჰქონდათ და მათ ამ შიშებს მშვიდობისმოყვარე და უდანაშაულო მონასტრები ხშირად ეწირებოდა (მაგალი-თად, წმინდა მარკოზის კოპტური ტაძარი ალექსანდრიასთან). მამლუქები ასევე ანგრევდნენ საერო შენობებსაც, იერუსალიმის კედლებიდან დაწყებული, ჯვაროსანთა ციხეებით დამთავრებუ-ლი. საბედნიეროდ, 1269 წელს ბაიბარსი მხოლოდ ას-სიკის კე-ლიების და კოშკების დანგრევით შემოიფარგლა. ის მონას-ტერს და მის კედლებს არ შეხებია.
მამლუქთა აგრესიას ქრისტიანთა მიმართ აღწერს მოგზაუ-რი ფელიქს ფაბრი, რომელიც წერს, რომ ღაზას ემირმა იერი-ქონის სავანის (ეს სავანე მდებარეობს მთაზე, სადაც მაცხოვარს გამოეცხადა ეშმაკი და მას ეწოდება ცდუნების მთა, ორმოც-დღიანი მთა ან კარანტალის მთა) კელიებიდან გამოდევნა ბე-რები, დაანგრია მონასტერში ასასვლელი საფეხურები, რათა ვეღარავინ ასულიყო იქ. მამლუქთა პარტნიორი ევროპელი ქრისტიანების ზეწოლით სულთანმა ეს კიბეები ისევ აღადგენი-ნა, მაგრამ ისე ცუდად, რომ მთაზე ასვლა ძალიან გართულდა [20. 56].
მამლუქთა ექსპანსიას შეეწირა სავანეები, რომლებიც ეგვიპ-ტის სულთან სალაჰ ად-დინ აიუბიანის მიერ პალესტინის 1187 წლის დაპყრობებს გადაურჩნენ. 1230 წელს სერბი პილიგრიმი არქიეპისკოპოსი საბა ნემანიჩი უკანასკნელად იხსენიებს წმინდა ეფთვიმეს, წმინდა თეოდოსი დიდის (კინოვიარქის), ასევე მდი-ნარე იორდანეზე მდებარე კალამონის მონასტრებს (რომელსაც ხშირად შეცდომით წმინდა გერასიმეს ლავრასთან აიგივებენ) [13,66]. 1223 წლის არაბულ ხელნაწერში უკანასკნელად იხსენიე-ბა წმინდა ხარიტონის ლავრა [14,50]. ის ბაჰრელთა დროს უკ-ვე აღარ ჩანს, ასევე ქრება კალამონის სავანე და მის ადგილს არაბული სოფელი კარიათ ხაჯლა იკავებს. 1370 წელს არქი-მანდრიტი აგრეფენიოსი აღწერს წმინდა თეოდოსი დიდის (კი-ნოვიარქის) მონასტრის ნანგრევებს, რომელიც, სავარუდოდ, ასევე ბაჰრელთა დროს განადგურდა. 1335 წელს უდაბნოს მო-ნასტრებს იხსენიებს იაკობ ვერონელი. მისი გადმოცემით, ამ დროს მოქმედებდა წმინდა გერასიმე იორდანელის, ხოზივას (ქოზიფას), იოანე ნათლისმცემლის, წმინდა საბას (საბაწმინდის), იერიქონის სავანეები. 1370 წლიდან პილიგრიმთა ჩანაწერებში აღარ იხსენიება ქოზიფას სავანე. მომლოცველი ნიკოლო ფრესკობალდი 1384 წელს აღწერს იერიქონის სავანეში მცხოვ-რებ ბოლო ბერს [12.47-48; 13.66].
ბაჰრელთა მმართველობა უკიდურესად მძიმედ აისახა პა-ლესტინის ქართულ ეკლესია-მონასტრებსა და იქ მყოფ ქარ-თველ ბერ-მონაზონთა ცხოვრებაზეც.
ცნობილია, რომ, ბაჰრელი მამლუქების გაბატონებამდე, პა-ლესტინის ქართული მონასტრები პალესტინასა და იერუსალიმ-ში დიდი პრივილეგიებით სარგებლობდნენ და როგორც აღ-ვნიშნეთ, მათ გაბატონებას უმძიმესი შედეგი მოჰყვა პალესტინის ქართული სავანეებისთვის. 1258 წელს ჩინგიზ-ყაენის შვილიშ-ვილმა, ილხანთა საყაენოს დამაარსებელმა ჰულაგუმ, ბაღდადი აიღო და სახალიფო გააუქმა. საქართველოს სამეფო ილხანთა ქვეშევრდომი და მოხარკე გახდა, რაც იწვევდა ქართველთა ჯარის მუდმივ მონაწილეობას მონღოლთა სამხედრო ექსპედი-ციებში ბაჰრელი მამლუქების წინააღმდეგ, რამაც გააუარესა ქართველთა მდგომარეობა წმინდა მიწაზე. ისინი ზედიზედ თმობდნენ ადრინდელ პოზიციებსა და პრივილეგიებს პალესტი-ნის ეკლესია-მონასტრებში, სხვა აღმოსავლელ ქრისტიანთა თუ მუსლიმთა სასარგებლოდ.
ბაჰრელთა მიერ იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონას-ტრის დარბევა-ჩამორთმევა და მეჩეთად გადაკეთება ამ პრო-ცესის გამოხატულება იყო. ა.ცაგარელი წერდა: „მუსულმანი ავ-ტორების თანახმად, XIII საუკუნის დასასრულს, ზოგი ავტორით სულთან ბეიბარსის (1260-1277 წწ.), ზოგით, კალაუნის შვილის, ნასირ მუჰამედის დროს წაართვეს ქართველებს ჯვრის მონას-ტერი იერუსალიმის ახლოს და მოაწყეს იქ მეჩეთი მუეძინი-თურთ“ [15.55].
მუსლიმი ავტორი მუჯირ ედ-დინი (1521 წ.) მიიჩნევს რა ჯვრის მონასტერს იერუსალიმის ოთხი წმინდა ადგილიდან (უფლის საფლავის ტაძარი, აღდგომის ტაძარი, ჯვრის მონასტე-რი, წმინდა იაკობის ეკლესია) ერთ-ერთად, ამბობს: „ჯვრის მო-ნასტერი ქართველთა თემის საკუთრებაა, იგი ჩამოერთვათ ქრისტიანებს ალ-მალიქ ან-ნასირ მუჰამმად იბნ-კალავუნის დროს და მეჩეთად იქნა ქცეული“ [3,3].
მუჯირ ედ-დინის ეს ცნობა ეხმიანება იერუსალიმის ქარ-თველთა ჯვრის მონასტრის წინამძღვარ წმინდა ლუკა იერუსა-ლიმელის წამებას. წმინდა ლუკას სვინაქსარულ „ცხოვრებაში“ აღწერილია XIII საუკუნის II ნახევარში, მამლუქთა სულთან ბა-იბარს ბუნდუკდარის ზეობის წლებში, შეიხ ხიდარის (ხიდრის) მიერ ჯვრის მონასტრის წინამძღვრის – ლუკა მუხაისძის წამება და მონასტრის დარბევა.
წმინდა ლუკას სვინაქსარული „ცხოვრების“ ტექსტი მისი გამომცემლის, ენრიკო გაბიძაშვილის აზრით, უნდა შექმნილიყო ჯვრის მონასტერშივე 1314 წლის შემდეგ, XIV საუკუნის პირველ მეოთხედში [9.118]. ტექსტის თანახმად, წმინდა ლუკა აწამეს 1273 წელს, როცა ქართველებს ჯვრის მონასტერი წაართვეს. წმინდა ლუკა წარჩინებულ მუხაისძეთა გვარიდან იყო. მისი დე-და, დაქვრივების შემდეგ, მონაზვნად აღიკვეცა და იერუსალიმ-ში დასახლდა. ოცი წლის ასაკში ლუკაც იერუსალიმში ჩავიდა წმინდა ადგილთა თაყვანის საცემად და დედის მოსანახულებ-ლად. ამის შემდეგ მან სამშობლოში დაბრუნება აღარ ისურვა, მონაზვნად აღიკვეცა და იერუსალიმში დარჩა. ლუკას სიწმინ-დით მოხიბლულმა ქართველმა ბერებმა ის ჯვრის მონასტრის წინამძღვრად (ჯვრისმამად) აირჩიეს. წმინდა ლუკა სამი წელი მშვიდობით წინამძღვრობდა, სანამ ვინმე სპარსმა შეიხ ხიდარმა (ხიდრმა) სულთან ფუნდუხტარს (ბუნდუკდარს) ჯვრის მონასტე-რი არ გამოსთხოვა. სულთანმა მისი თხოვნა შეასრულა. ხიდ-რმა მონასტრიდან ქართველი ბერები გამოაძევა, ლუკას კი გა-მუსლიმება შესთავაზა და ტაძრის უფროსობას დაჰპირდა. ლუ-კა მუხაისძემ წუთიერ დიდებას ქრისტესთვის სიკვდილი არჩია. მას ხიდრის ბრძანებით თავი მოჰკვეთეს. მოკვეთილმა თავმა პირი აღმოსავლეთისკენ მიიდრიკა, გაიცინა და ღმერთი ადი-და. მარტვილის ცხედარი დაწვეს, ფერფლი ქრისტიანებმა და მუსლიმებმა ევლოგიად (საკურნებლად) წაიღეს.
ელენე მეტრეველმა იერუსალიმის ჯვრის მონასტრის, სა-ქართველოს მეფე ვახტანგ III-ისა (1298-1308 წწ.) და მისი მეუღ-ლე რიფსიმესადმი მიძღვნილი აღაპის მიხედვით დაადგინა, რომ ჯვარი ქართველებს ჩამოერთვათ 1273 წელს [7.42,164 (ა-ღაპი №206); 1.108-109]. პავლე ინგოროყვა კი თვლის, რომ ეს მოხდა 1274 წელს [5.750].
ჯვრის მონასტრის დარბევა-ჩამორთმევა სათანადოდ აისახა XIV-XV სს. არაბულ ისტორიოგრაფიაში. საინტერესოა ამის თაობაზე მუსა იბნ მუჰამად ალ-იუნინის, მუფადდალ იბნ აბუ--ლ-ფადა ილის, იბნ-ად-დავა დარის, იბნ ქასირის, აჰმად იბნ ალი ალ-მაკრიზის, მუჯირ ედ დიდნის და მუჰამად იბნ შაქირის ცნობები [2.289 ].
არაბული წყაროებით ირკვევა, რომ შეიხ ხიდარ იბნ აბუ ბაქრ იბნ მუსა ალ-მიჰრანი ალ-ადუვვი გავლენიანი პიროვნება ყოფილა სულთან ბაიბარსის კარზე და დაპირისპირებული ყო-ფილა როგორც ქრისტიანებთან, ისე პალესტინელ ებრაელებ-თან. ხიდარს მოუოხრებია ჯვრის მონასტერი, გაუჟლეტია მისი ბერები და იქ დერვიშთა საცხოვრებელი გაუხსნია სულტან ალ-მალიქ აზ-ზაჰირ ბაიბარსის დროს, მაგრამ ულემთა (ებრა-ელთა საკრებულოს) გადაწყვეტილებით, მონასტერი ისევ ქარ-თველებისთვის დაუბრუნებია. ერთი არაბული წყაროს თანახ-მად, თითქოს სულტან ბაიბარსი ქართველ ბერებს ბრალს სდებდა მონღოლებთან ჯაშუშობაში, რის გამოც ჩამოართვა მონასტერი და მეჩეთად აქცია [11.5].
ჯვრის მონასტრის დარბევის თარიღად დ.გოჩოლეიშვილი XIII საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისს ვარაუდობს (არ უნდა სცილდებოდეს 1272 წლის 27 ივნისს). იგი არაბულ წელთაღ-რიცხვას ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც ჰიჯრით 671 წლის შავვალის (აპრილის თვეში) სულთანმა ბაიბარსმა დააპატიმრა შეიხ ხიდრი და საპყრობილეში ჩააგდო, საიდანაც იგი ცოცხა-ლი არ გამოსულა [1.107].
ფრიად მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს, ისე მსოფლიო ისტორიისათვის ბაჰრელი მამლუქების და ქართვე-ლების ურთიერთობა XIV საუკუნის I ნახევარში, რაც გამოიხა-ტა ჯვრის მონასტრის ქართველებისათვის გადაცემითა და წმინ-და მიწაზე მათთვის დიდი პრივილეგიების მინიჭებით. ამ სა-კითხებზე არსებობს როგორც უცხოური, ისე ქართული წყაროე-ბი.
არაბული წყარო მოგვითხრობს, რომ ერთი ქართველი მე-ფე 1273-74 წლებში საიდუმლოდ წასულა იერუსალიმში, თუმცა დაუპატიმრებიათ და სულტან ბაიბარსთან მიუყვანიათ [18.111]. სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია სხვაგან არსად გვხვდება.
ალ-მაკრიზი წერს, რომ 1305 წლის 24 ივლისს ქაიროში სულთან მალექ ან-ნასერის წინაშე მოვიდნენ საქართველოს მე-ფე ვახტანგ III (1298-1308 წწ.) და ბიზანტიის იმპერატორ ან-დრონიკე II (1282-1328 წწ.) პალეოლოგის ელჩები დიდი საჩუქ-რებით და სთხოვეს მას ჯვრის მონასტერი ქართველებისათვის დაებრუნებინა, რისთვისაც დახმარებასაც დაჰპირდნენ [2.289].
სულთანს ქართველების თხოვნა დაუკმაყოფილებია, ესე იგი, ჯვრის მონასტრის დაბრუნება 1305 წელს მომხდარა, თუმცა ამას ეწინააღმდეგება მონასტრის სააღაპე წიგნი, სადაც წერია, რომ ჯვარი ქართველებს გადაეცა არა ვახტანგ III, არამედ და-ვით VIII (1293-1311 წწ.) დროს [7.43-44].
არის ვერსია, რომ ვახტანგ III დროებით გაათავისუფლა ჯვრის მონასტერი, როცა მონღოლთა ჯართან ერთად იერუსა-ლიმში იმყოფებოდა, ამის მერე კი მონასტერი კვლავ მამლუქ-თა ხელში გადავიდა და მისი საბოლოოდ ქართველებისადმი გადაცემა დავით VIII შეძლო [6.26; 2, 291; 7.43-44].
XIV საუკუნის I ნახევარში, ისევ ნასირ მალიქის სულთნო-ბისას, ქართველებისათვის კვლავ ჩამოურთმევიათ „კლიტენი იერუსალიმისანი“, თუმცა აქ არაა ლაპარაკი კონკრეტულად ჯვრის მონასტერზე. ქართული წყაროს თანახმად, ამ ამბით შე-წუხებულმა მეფე გიორგიმ გაგზავნა სულთნის წინაშე შალვა ერისთავის ძე პიპა დიდი საჩუქრებით. სულთანმა ქართველებს დაუბრუნა „კლიტენი იერუსალიმისანი“ [8, 444-445].
მეფე გიორგიდ იცხაკ დავიდი მიიჩნევს გიორგი VI, დავით VIII ძეს (1311-1313 წწ.), ხოლო ე.მეტრეველი – გიორგი V ბრწყინვალეს (1314-1346 წწ.), რომელმაც ეგვიპტის სულთანთან ორჯერ გაგზავნა ელჩები, 1316 და 1320 წლებში [2. 289; 7.45,46,58].
1314 წელს, ბაჰრელი მამლუქების ზეობისას, დამასკოში აწამეს ქართველი ბერი ნიკოლოზ დვალი, რომელიც ქარ-თულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. წმინდა ნიკოლოზის წამების სვინაქსარული ტექსტიდან კარგად ჩანს ქრისტიანულ აღმოსავლეთში (იერუსალიმში, დამასკოში) ბაჰრელი მამლუქების მომძლავრება [9.124-125, 349-351; 4. 37 ].
ბაჰრელი მამლუქების მმართველობის დასასრულამდე (1382 წ.), ჯვრის მონასტერს და ქართველ ბერებს იხსენიებენ მოგზაური პიპინი (1320 წ.), ინგლისელი ფიციმონსი (1322-1324 წწ.), მუსლიმი შიჰაბ ად-დინ აჰმად იბნ იაჰია იბნ ფადლ ალ-ლაჰ ალ-უმარი (1347 წ.), იტალიელი ფრა ნიკოლო პოჯჯიბონ-სი (1346-1350 წწ.) [15.167; 2, 295; 10.178,186].
ბაჰრელი მამლუქების ქრისტიანულ აღმოსავლეთში დომი-ნაციას იმპონირებდა გლობალური და ლოკალური პოლიტიკუ-რი პროცესები, მონღოლთა არაერთი მარცხი ეგვიპტეში, ბიზან-ტიისა და საქართველოს ღრმა კრიზისი (ბიზანტიის დპყრობა ლათინთა მიერ, „მონღოლობა“ საქართველოში), ჯვაროსანთა დამარცხება, პაპობის გახლეჩა, „ასწლიანი ომი“ ევროპაში. ამ და სხვა მიზეზთა გამო, ბაჰრელთა მმართველობისას ქრისტია-ნული აღმოსავლეთი ფრიად მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა, რამაც მონასტრებისა და სამონაზვნო ცხოვრების დაქვეითება გამოიწვია.
აღსანიშნავია, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, პალესტინის და ეგვიპტის ქრისტიანული სავანეების ნაწილი ბაჰრელთა მე-რეც, ბურჯიტთა დინასტიის, ოსმალთა გაბატონების და შემ-დგომ ხანებშიც აგრძელებდნენ არსებობას, თუმცა ბაჰრელთა პერიოდმა ქრისტიანული პალესტინის ისტორიას ფრიად მძიმე კვალი დააჩნია.

 

 

ლიტერატურა – REFERENSES

1. გოჩოლეიშვილი დ., იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ის-ტორიიდან (XIII ს-ის 70-იანი წლები), საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მაცნე (ისტორიის, არქეოლოგი-ის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია), თბილისი, 1975, N4.
2. დავიდი ი., ნაწერები, თელ-ავივი-იერუსალიმი, 1976.
3. გაზეთი „დროება“, 1883 წლის 17 დეკემბერი.
4. თომაძე ნ., ქართული არამოდელური ჰაგიოგრაფიული თხზულება, ახალგაზრდა ისტორიკოსთა შრომების კრებუ-ლი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემ-ლობა, თბილისი, 2002.
5. ინგოროყვა პ., თხზულებათა კრებული შვიდ ტომად: ტომი 1, თბილისი, 1963.
6. მამისთვალიშვილი ე., იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ის-ტორია (ქართული პერიოდი), გორი, 2002.
7. მამისთვალიშვილი ე., მასალები იერუსალიმის ქართუ-ლი კოლონიის ისტორიისათვის XI-XVII სს., თბილისი, 1962.
8. ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, ტ. 2, განათლება, თბილისი, 1959.
9. ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლე-ბი, ტ. IV, სვინაქსარული რედაქციები, ტექსტი გამოსცა ე. გაბიძაშვილმა, თბილისი, 1968.
10. ჯაფარიძე გ., XIV საუკუნის არაბი ენციკლოპედისტი იე-რუსალიმის ჯვრის მონასტრის შესახებ, „მაცნე“, ენისა და ლიტერატურის სერია, №3, 1985.
11. ჯაფარიძე გ., ქართველები იერუსალიმში, გაზეთი „ლიტე-რატურული საქართველო“, 15.02.1985.
12. Иоанна Фоки сказание вкратце о городах и странах от Анти-охии до Иерусалима… конца XII в. СПб., 1889.
13. Панчунко К. А., "Темный век" палестинского монашества: упадок и возрождение ближневосточных монастырей на рубеже мамлюкской и османской эпох. Вестник ПСТГУ. Серия III: Филология. 2018. Вып. 57, გვ. 59–88.
14. Порфирий (Успенский). Книга бытия моего. Т. 4. СПб., 1897.
15. Цагарели А.А., Памятники грузинской старины в Святой Земле и на Синае. (ППС, выпуск 10. 1888).
16. Frenkel J., Mar Saba during the Mamluk and Ottoman Periods. The Sabaite Heritage in the Orthodox Church from the Fifth Century to the Present. Leuven, 2001.
17. Histoire de Jerusalem et d’Hebron depuis Abraham jusqu’a la fi n de XVe siècle de J.-C. Fragments de la Chronique Moudjir-ed-dyn traduits sur la texte arabe par Henry Sauvaire. Paris, 1876.
18. Histoire Littéraire de la France, Vol. 26: Ouvrage Commencé par des Religieux Bénédictins de la Congrégation de Saint-Maur, Et Continué par des Membres de l'Institut (Academie des inscriptions et belles-letters). t.XXL, Suite du treizieme siècle,depuis l’annee 1296, supplemants, A.Paris,1847.
19. Jotischky A. Greek Orthodox and Latin Monasticism around Mar Saba under Crusader Rule. The Sabaite Heritage in the Orthodox Church from the Fifth Century to the Present. Leuven, 2001.
20. The Book of the Wanderings of Brother Felix Fabri. Vol. II (1). London, 1893.