ჟურნალი ნომერი XXXVI ∘
უჩა ოქროპირიძე ∘
„დიდი ღამის“ შემამზადებელი გარემოებანი და სამხრეთ-დასავლეთი საქართველო ქართული არაფორმალური პრესის მიხედვითნაწილი პირველი
ვფიქრობთ, ისტორიაში შემთხვევით არაფერი ხდება და საქართველოში ჩამოწოლილი „დიდი ღამის“ შემამზადებელი გარემოებანი საბჭოური ლოგიკის ულოგიკო ფორმატში, თავისთავად, ყოველგვარი გადამეტების გარეშე ჯდება. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა საქართველოს ისტორიული კრახის შემდეგ, კომუნისტებმა საქართველოში თავიანთი ქმედებების სტრატეგია და ტაქტიკა რადიკალურად შეცვალეს – გარეგნულად სიმართლისა და სამართლიანობის უპირველეს მაძიებლებად გამოაცხადეს თავი, შინაგანად კი საბჭოთა რუსული სისტემის ერთგულ მსახურებად და სამშობლოს ბედისადმი კოლაბორაციონისტულად განწყობილ კონდოტიერებად დარჩნენ. მათ, უპირველეს ყოვლისა, ყველაფერი გააკეთეს თბილისის
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის ნამდვილ შემოქმედთა მისაჩქმალავად და ეცადნენ ზოგიერთი მათგანი (მაგალითად, ედუარდ შევარდნაძე) საქართველოსათვის თავსმოხვეული საბჭოთა რეპრესიული მანქანის შემჩერებელ-გამნეიტრალებლად გამოეყვანათ და ამ საშინელების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორისთვის არა მარტო მართებული ბრალდებები აეცილებინათ, არამედ 9 აპრილის ტრაგედიის ხარჯზე მას საშუალება მისცეს დადებითი ქულები ჩაეწერა, რათა საქართველოს რესპუბლიკის ბედზე მზრუნველ პატრიოტად წარმოეჩინათ. და ეს მაშინ, როდესაც გენერალი ლებედი თავის ჩვენებაში პირდაპირ ამბობს, რომ მან ე. შევარდნაძე თბილისში ჯერ კიდევ 1989 წლის 8 აპრილს ნახა. მაგრამ საბჭოური ინსპირაციის საშუალებით, ეს ფაქტი ფართო საზოგადოებისთვის დღემდე მიჩქმალული და უცნობია; შევარდნაძის „საგმირო
საქმეებზე“ კი ფართოდ ახდენენ რეკლამირებას მისი ქართველი კომპანიონ-თანამზრახველნი. კომუნისტურმა ხელისუფლებამ და მისმა მოკავშირე დამქაშებმა საქართველოში სრულიად გაამართლეს მათი სერგეი ესენინისეული შეფასება:
ქვეყანა უღვთო, რწმენის გარეშე, ქვეყანა დიდი ჩინოვნიკების, კანონიერი ძარცვის ქვეყანა -აი, ქვეყანა ბოლშევიკების [28]
მათ, ნაცვლად იმისა, საქართველოს ინტერესები დაეცვათ, ერთგულად ამოუდგნენ მხარში საბჭოთა იმპერიის მსახურებს საკუთარ ქვეყანაში და გააჩაღეს დემაგოგიური კამპანია ქართველი ხალხის გასაბიაბრუებლად. ქართველი კომუნისტების გამცემლური იმიჯის შენიღბვის მიზნით, თითქოსდა ისინი
9 აპრილის შემდეგ შეიცვალნენ და ქართველი ხალხის სამსახურში უპირობოდ ჩადგნენ, მიიღეს რამდენიმე კანონი და დადგენილება საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისათვის გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ, შემდეგ კი დაიწყეს მათი ექსპლოატაცია საკუთარი ავტო-
რიტეტის რეაბილიტაცია-განმტკიცებისათვის.
ცნობილმა რეჟისორმა გიგა ლორთქიფანიძემ 1989 წლის 17 ნოემბერს გამართულ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს სესიაზე განაცხადა: „სულ არ გამიკვირდება, სერგო ორჯონიკიძე რომ ამოვიდეს ტრიბუნაზე და გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს, შესძახოსო“[3]; ხოლო რეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ იმავე სესიის შესახებ, რომელმაც მიიღო საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ე. წ. შესწორებები,
20 ნოემბერს გადაცემისათვის „ვრემია“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: „...სესიაზე მიღებული კონსტიტუციის შესწორებები უფრო მეტია, ვიდრე რესპუბლიკის სუვერენიტეტი...“ [იქვე].
ეტყობა საბჭოთა სისტემის ერთგულ მსახურებას შეწირულ დეპუტატს წარმოდგენაც არა აქვს, რას ნიშნავს ცნება სუვერენიტეტი, თორემ ასეთი რა უნდა მიეღო მოსკოვის პირში მაცქერალ მარიონეტ დეპუტატთა აღნიშნულ სესიას, რომ დეპუტატს თავისთვის ასეთი შეფასების უფლება მიეცა და ამით კიდევ ერთხელ დაემტკიცებინა „მეტსაც გეტყვით“-ის მათი კასტისთვის დამახასიათებელი სინდრომი. და ეს მაშინ, როდესაც, საყოველთაო გაგებით, „ცენტრიდან“ სსრ კავშირის ტერიტორიაზე ინსპირირებულ ყოველ აქციას წინ უსწრებს საზოგადოებრივი აზრის მისთვის ხელსაყრელად დასამუშავებელი პუბლიკაციები დასავლეთის პრესაში, ამიტომ თვით აქციას
დასავლეთი შემზადებული ხვდება.
ჩვენი სოციალისტური სისტემის კარგად მცოდნე „სოვეტოლოგებიც“ კი ვერ ჩასწვდნენ ჩვენს პრობლემებს ღრმად – ამბობს პუბლიცისტი და იქვე განაგრძობს: – „რამეთუ ისინი,
ჭეშმარიტი თავისუფლებისა და დემოკრატიის პრინციპებზე აღზრდილი და მოაზროვნე ადამიანები, ვერც კი უშვებენ მრავალფეროვანი და ყოვლისმომცველი ტოტალიტარიზმის, უწესიერობის, ძალადობისა და ქაოსის სისტემაში დამკვიდრებული იმ უპატიოსნო ქმედებების უკვე ავტომატურად მოქმედი მექანიზმების არსებობას, რომელიც ხანგრძლივ მოქმედი ნაღმივით დაპროგრამდა და ჩაიდო საბჭოთა ბოლშევიკური სისტემის თეორიულ და პრაქტიკულ სათავეებში“ [12. 3].
როგორ იქცევა ასეთ დროს საბჭოთა დემაგოგიით აღზრდილ-დაპროგრამებული ე.წ. ქართული ჟურნალისტიკა?
იგი, „მიუხედავად 9 აპრილისა და თავისივე ფიცის აღიარებისა: „ჩვენ, ქართველი ჟურნალისტები უკვე ერის მსახურნი ვართ და ერთ ტყუილსაც არ ვიტყვითო“, დეზინფორმაციის
წყაროა; კვლავ არ აშუქებენ იმას, რაც რეალობაა დღეს... დიქტორები მომღიმარი სახეებით... კვლავ ომახიანად გვიკითხავენ შინაგან საქმეთა პრეს-ჯგუფის დეზინფორმაციებს... ერთი
სიტყვით, რაც იყვნენ, იგივენი დარჩნენ სავარძლებსა და იაფფასიან რეკლამებს ჩაბღაუჭებულნი, არაქრისტიანული გზით მიმავალნი... ერთი სენი გჭირთ,– ოპერატიულები ნამდვილად
ხართ, ეროვნულის გარდა ყველაფერში...
პროტესტს გიცხადებთ ქართველი ერის, სრულიად საქართველოს ამ განსაცდელის დროს ანტიქართული მოქმედებისათვის, რუსიფიკატორული მისიის განვრცობა-გაღვივებისათვის... დიახ, თქვენ კვლავ კრემლის ბრმა და მოქნილ იარაღად რჩებით, საკუთარ ხალხს დაპირისპირებულნი...
ვაშა, თქვენს ინტერნაციონალურ-რუსულ ჟურნალისტურ რა თქმა უნდა, დიდმპყრობელურ შემოქმედებას!“ – მიმართავენ მათ წერილის ავტორები (როგორ მოგვაგონებს ზოგიერთი დღევანდელი ჟურნალისტის საქმიანობას... – უ. ო.)
საპროტესტო წერილს ხელს აწერს 14 პირი [26. 10-11]. ასეთ მძიმე ვითარებაში, ვნახოთ რა დღეშია საბჭოთა იდეოლოგიური პრესის მიერ დაბოლებული, ე. წ. დასავლეთის საინფორმაციო ველი. ამ მხრივ ძალზე საინტერესოა გაზეთის „ელ ჯორნალი“ მთავარი რედაქტორის, ინდრო მონტელის დაუფარავი პოზიცია: „... ეს ტრაგიკული და სევდიანი მოვლენები ჩვენს მიერ აღიქმება, როგორც შედეგი ისეთი ევოლუციისა, რომელიც არ შეიძლება იყოს წყნარი, უხარვეზო და რომელიც შესაძლოა ძალზე ძვირი დაჯდეს... ამიტომაც ის ჩვენში აღშფოთებას ვერ გამოიწვევს“, – სრული გახსნილობით ამბობს მონტელი და ამ მისი გახსნილობის გამო მადლობელიც უნდა ვიყოთ, რადგან ზოგიერთივით არ ფარისევლობს და მისეულ სიმართლეს პირდაპირ გვეუბნება. რედაქცია იქვე
აგრძელებს: „ამ სიტყვების გამო სენიორ მონტელის სიამოვნებით უწვდის ხელს, როგორც 40 წლის სტაჟიანი კომუნისტი, გაზეთ „იზვესტიის“ პოლიტიკური მიმომხილველი ა.ბოვინი...“ (ამაზე უკეთესს თვით ბოვინიც კი ვერ მოიფიქრებდა, საბჭოთა პოზიციის გასამართლებლად – უ. ო.), ხოლო გაზეთი მონტელის პირით იქვე განაგრძობს: „...სოციალისტურ პლურალიზმს, არაფერი საერთო არა აქვს პლურალიზმთან, ხოლო კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი ყოველთვის რჩება კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივნად, როგორ სიტყვებსაც არ უნდა წარმოთქვამდეს იგი...“[21; 32]. გაზეთის „ქართული ქრონიკა“ იმავე ნომერში კი ვკითხულობთ; „თბილისის „სისხლიანი კვირა“ ჩაფიქრებული იყო, როგორც გაკვეთილი ყველასათვის, ვინც ბედავს და ხმამაღლა აცხადებს კომუნისტური დიქტატურისადმი თავის უარყოფით დამოკიდებულების შესახებ“ [იქვე].
საერთაშორისო თუ საშინაო საინფორმაციო საშუალებების ასეთი განწყობის ფონზე დასავლელი პოლიტოლოგები გვთავაზობენ საბჭოთა საფრთხის წინააღმდეგ თავიანთ სტრატეგიას დღეს და მომავალში [24].
ასეთ საერთაშორისო და საშინაო გარემოში საქართველოს ეროვნულ-პოლიტიკური ორგანიზაციები თავიანთ ერთობლივ კომუნიკეში პირდაპირ აცხადებენ: „ჩვენი მიზანი ერთია, საქართველოს დამოუკიდებლობა“, რომელსაც 1989 წლის 29 ოქტომბერს თბილისში ხელს აწერენ: ზვიად გამსახურდია, ირაკლი ქადაგიძე, ირინა სარიშვილი, გიორგი ჭანტურია, ირაკლი წერეთელი, ირაკლი ბათიაშვილი და სხვები. ხოლო ზუსტად ერთი წლის შემდეგ, მრავალპარტიულ არჩევნებში გამარჯვების მეორე დღეს, 1990 წლის 29 ოქტომბერს თბილისში მთავრობის სახლის წინ გამართულ საზეიმო მიტინგზე ზვიად გამსახურდია თავის საპროგრამო სიტყვაში პირდაპირ ამბობს: „ჩვენი უმთავრესი მიზანია – ეროვნული შემწყნარებლობა, შერიგება, სიყვარული, ურთიერთ გაგება“[29].
ალბათ ბევრი იგრძნობს, თუ როგორ ჰგავს აქ ზოგიერთი მომენტი ჩვენი თანამედროვე პოლიტიკური ცხოვრების სურათებს და მაშინაც ზუსტად ისევე, როგორც დღეს, გონიერების
ხმა დარჩა ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა და გარკვეულ ე. წ. ოპოზიციურ ძალებს ქვეყანა შეგნებულად კატასტროფისკენ მიჰყავდათ, რაც 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის
სამხედრო-კრიმინალური გადატრიალებით დააგვირგვინეს,რომლის დამღუპველი პოლიტიკური და, განსაკუთრებით, სამართლებრივი შედეგები დღემდე არ არის აღმოფხვრილი და ჩვენი სამშობლოს თავზე დამოკლეს მახვილივით ჰკიდია. დღევანდელობაში კი უკვე პირიქით ხდება და საქართველოს ხელისუფლება არ მიდის არავითარ კომპრომისსა და შერიგებაზე,
თუმცა ამჯერადაც ქვეყნის ინტერესების საზიანოდ. უნდა ითქვას, რომ საქართველოს მაშინდელი კომუნისტური ხელისუფლებაც, მიუხედავად 9 აპრილს მომხდარი საკუთარი კატასტროფისა, აგრძელებდა თავის მარიონეტულ პოლიტიკას და დემაგოგიითა და ტყუილით ცდილობდა ფონს გასვლას, მაგრამ ეროვნული მიმართულების საინფორმაციო საშუალებები, თავგანწირვის ფასად, არ ერიდებიან სიმართლის სააშკარაოზე გამოტანას და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას უცხადებენ ოფიციალურ, კოლაბორაციონისტულ პოლიტიკას. ეს ბრძოლა პრინციპულ ხასიათს ღებულობს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოშიც, განსაკუთრებით 1989 წლის თბილისის 9 აპრილის ტრაგიკული ამბების შემდეგ. საყოველთაო გამოსვლა-მანიფესტაციებმა და მიტინგებმა მოიცვა: ბათუმი,
ქობულეთი, ოზურგეთი, ახალციხე და სხვა [2.4]. შეუწყვეტლივ ქვეყნდება საქართველოს ხელისუფლებისა და საბჭოთა მთავრობის მამხილებელი წერილები – „როგორ აპირებენ კომუნის-
ტები „დემოკრატიული“ არჩევნების ჩატარებას“ [27.1], „ვინ არის დამნაშავე? მსხვერპლი თუ ჯალათი?“, რომელშიც მხილებული იყო 9 აპრილის ტრაგიკული ამბების სადამსჯელო ხა-
სიათი, აგრეთვე „გარდაქმნის“ ნამდვილი სახე. განსაკუთრებით რეზონანსული იყო სტატია „ქიმიური იარაღი ხალხის წინააღმდეგ“, რომელსაც გაზეთ „ქართული ქრონიკის“ ნომრებში სტატიათა სერიალები მიეძღვნა [17].
დაიწყო აქციები საქართველოს გასაბჭოებისა და საოკუპაციო არმიის ნაწილებში ქართველი ახალგაზრდების გაწვევის წინააღმდეგ და აქტიური გახდა ლოზუნგი: „ძირს საბჭოთა იმპერია!“[18]. ამავე გაზეთში კრიტიკულადაა განხილული დასავლეთის მიერ გამოვლენილი პოზიცია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში, როდესაც ინგლისის პრემიერ-მინისტრმა ლოიდ ჯორჯმა 1919 წელს, ბოლშევიკების საქართველოში შემოჭრამდე დიდი ხნით ადრე, ვერსალის კონფერენციაზე განაცხადა: „მე ვიღებ ჰენრი ვილსონის რჩევას და ვასკვნი, რომ არ არის აუცილებელი ამიერკავკასიის რესპუბლიკებისათვის ჯარით დახმარება მათ ბრძოლაში ბოლშევიკების წინააღმდეგ“ [1. 6], რითაც ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თანამედროვე მესვეურთ კიდევ ერთხელ შეახსენეს, თუ რის იმედი შეიძლება ჰქონდეთ მათ დასავლეთის მხრიდან საკუთარი დამოუკიდებლობისათვის თავგანწირული ბრძოლის დროს, რაც არცთუ უსაფუძვლო აღმოჩნდა როგორც საქართველოს პირველი რესპუბლიკის, ისე თანამედროვე პერიოდში. დასავლეთი დღესაც რჩება საქართველოსთან მეგობრობის მოსურნე იმ ახლობლად, რომელიც მისი რეალური გაჭირვების მომენტში ძალიან შორს აღმოჩნდება ხოლმე და მას საკმაოდ ილუზორული იმედებით კვებავს. ეს ასე იყო 1921 წლის ბოლშევიკური ექსპანსიისა თუ 1991-1992 წლების სამხედრო-კრიმინალური გადატრიალების დროს. მან ყველაფერი გააკეთა, რომ ამ საქმიდან „სუფთად“ გამოსულიყო და, პირიქით, ჩვენი გამტყუნების მცდელობის ხარჯზე, თავიც კი ემართლებინა. ევროპის რეგიონთა ასამბლეის ეგიდით, 2000 წლის აპრილში გამართულ ბათუმის კონფერენციაზე, რომელსაც ქართული ეროვნული მოძრაობის ცნობილ ლიდერებთან, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილთან, საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი კენჭოშვილსა და სოსო სიგუასთან ერთად მეც ვესწრებოდი, ბატონმა ვახტანგმა ვერაფრით მიაღწია, რომ მის უცხოელ მესვეურთ შეეფასებინათ საქართველოში 1991-1992
წლების დეკემბერ-იანვარში მომხდარი სამხედრო-კრიმინალური გადატრიალება და პროტესტის ნიშნად კონფერენციის დარბაზი მხლებლებთან ერთად დატოვა. ჩემმა რადიკალურმა
გამოსვლამ და განსაკუთრებით იმაზე მითითებამ, რომ მათ არ ჰქონდათ ამ კონფერენციის გაგრძელების უფლება, თუ არ უპასუხებდნენ ქართველი ხალხისათვის ამ ყველაზე საჭირბო-
როტო კითხვაზე, ისინი აიძულა სათანადო პასუხი გაეცათ მასზე და ამით თავიდან აეცილებინათ ღონისძიების საბოლოო კრახი. 2008 წლის აგვისტოს ომის დროსაც, რომ არა ევროპის
რამდენიმე სახელმწიფოთა ლიდერისა და აშშ-ის თავგანწირული ძალისხმევა, საქართველო რუსეთის მიერ ისევ ოკუპირებული აღმოჩნდებოდა. თუმცა აგრესორი, ყოველგვარი საერთაშორისო ნორმებისა და მისგანვე აღებული ვალდებულებების იგნორირების გზით, კვლავაც აგრძელებს საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაციას და ამაში, ჩვენი აზრით,
მნიშვნელოვანია ე. წ. დასავლეთის უნიათო პოლიტიკის როლი და, აქედან გამომდინარე, „დამსახურებაც“.
ამ პერიოდში ეროვნული მოძრაობის ყურადღების ცენტრშია მოქცეული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში არსებული პრობლემები. კიდევ ერთხელ მხილებულ იქნა ჯერ კიდევ დეკაბრისტ ნ. პ. პესტელისეულ „რუსსკაია პრავდაში“ ასახული რუსეთის დიდმპყრობელური პოლიტიკა კავკასიაში – „დავაარსოთ კავკასიის მიწებზე რუსული დასახლებები და ამ რუს გადმოსახლებულებს შორის დავანაწილოთ ურჩი ხალხების მიწები, რათა ამ ხერხით წაიშალოს კავკასიაში ყოფილ (ანუ ახლანდელ) მცხოვრებთა ყველა ნიშანი და გახდეს ეს მხარე მშვიდ და კეთილმოწყობილ რუსულ ოლქად“ [33: 48] და მისი განხორციელების თანამედროვე საბჭოური მეთოდები. სტატიაში „აჭარელი ლტოლვილნი“ (რიბაკოვის გეგმა მოქმედებაში) [აღნიშნული სტატიის საბეჭდ მანქანაზე აკრეფილი ასლი, ჯერ კიდევ 1983 წლის ზაფხულში, ქობულეთში სტუმრობისას გადმომცა პოეტმა თემურ ჩალაბაშვილმა – უ. ო.] განხილულია ზემო აჭარიდან რუსეთში, კერძოდ, კრასნოდარის მხარეში გადასახლებულთა პრობლემები და საბჭოთა ხელისუფლების დემოგრაფიული პოლიტიკა საქართველოს კიდევ უფრო ინტერნაციონალიზაციისა და რუსეთის ფედერაციაში ქართველთა გადასახლების წახალისების მიზნით [19. 5-6].
ამავე გაზეთში საუბარია ე. წ. თურქი მესხების პრობლემის ხელოვნურად შექმნისა და მისი მიზნების შესახებ; კიდევ ერთხელ მხილებულია საბჭოთა კავშირის მახინჯი ეროვნული პოლიტიკა; მოცემულია „მოსკოვსკიე ნოვოსტის“ კორესპონდენტ სტანისლავ გოვორუხინის ვრცელი სტატია საბჭოთა არმიის მიერ ბაქოში დატრიალებული საშინელებების შესახებ [14; 23].
საქართველოსთვის მეტად მგრძნობიარე და მტკივნეული იყო ფერღანაში ე. წ. თურქი მესხების თავს დამტყდარი ტრაგედია, როდესაც 1944 წელს შუა აზიაში გადასახლებული მესხეთის მოსახლეობას პროვოკაციები მოუწყვეს და მათი საქართველოს წინააღმდეგ გამოყენება სცადეს, აქ დესტაბილიზაციისა და დაძაბულობის შექმნის მიზნით [6. 21].
საქართველოში ფართო ხასიათი მიიღო აქციებმა საბჭოთა საოკუპაციო არმიაში ქართველ ახალგაზრდათა გაწვევის წინააღმდეგ. აღნიშნულ საკითხზე ჯერ კიდე 1988 წლის აგვისტოში დაწერილ წერილში „რატომაა საჭირო ნაციონალური არმია“ გაამახვილა ყურადღება მერაბ კოსტავამ [30]. ამავე ბიულეტენში გამოქვეყნდა „მიმართვა ქართველი ახალგაზრდობისადმი!“, რომელშიც პირდაპირ იყო გაცხადებული, რომ „ქართველმა კაცმა უნდა თქვას უარი დამპყრობლის არმიაში სამსახურზე!“. მიმართვას ხელს აწერდნენ: ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ირაკლი წერეთელი, ირაკლი ბათიაშვილი [იქვე: 3]. ბიულეტენის შემდეგი გვერდები ეძღვნება საბჭოთა არმიაში გაბატონებულ მხეცობათა აღწერას და ბოლოს აქვე მოცემულია სია იმ ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისა, რომლებიც მხოლოდ 1989 წელს დაიღუპნენ სამხედრო სავალდებულო სამსახურის დროს (63 ახალგაზრდა).
ამიტომაც საბჭოთა არმიაში ქართველი ახალგაზრდების გაწვევის საწინააღმდეგო აქციებმა საქართველოში ფართო ხასიათი მიიღო. ამ მოთხოვნით 1989 წლის 11 ოქტომბერს დაიწყო აქცია თბილისში სპორტის სასახლის წინ, რომელსაც შეუერთდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან – გორიდან, ქუთაისიდან, რუსთავიდან, ახალციხიდან... აქციის მონაწილეებმა თანადგომა გამოუცხადეს ქობულეთელ წვევამდელებს, რომელთა მშვიდობიანი, მჯდომარე პროტესტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს განკარგულებით მილიციელებმა დაარბიეს, ხოლო მისი მონაწილეები დააპატიმრეს [15] (მათ შორის მეც, დოდო გუგეშაშვილთან და კოტე ბერიძესთან ერთად – უ. ო.).
ეროვნული მოძრაობის შიგნით გაჩაღდა პოლემიკა „თურქი მესხების“ პრობლემათა შესახებ. გ. ჭანტურიამ აღნიშნულ თემაზე გამოაქვეყნა წერილი „ვინ არიან თურქი მესხები?“, სადაც ის წერდა: „...ედპ თვლის, რომ უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია ქართველი ინტელიგენციის ნაწილის და ოპოზიციურ გაერთიანებათა წარმომადგენლებისაგან, რომელიც სამშობლოში დააბრუნებს ნამდვილ მესხებს, პასპორტებში მათი ეროვნების ქართველებად აღნიშვნის შემდეგ და დაასახლებს მათ არა კომპაქტურად, არა ერთ რეგიონში, არამედ ხუთ-ხუთი ოჯახით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში... (?! – უ. ო.)
ასევე აუცილებელია დაისვას საკითხი თურქების თურქეთში დაბრუნების თაობაზე... ასე რომ, არავითარი თურქი მესხები არ არსებობენ... ანუ არიან მესხები, რომლებსაც საქართველო
გულში ჩაიკრავს და არიან თურქები...“ [21].
ედპ-ის ამ პოზიციის გაგრძელებად შეიძლება ჩაითვალოს აჭარის ა. რ-ის ხელისუფალთა მიერ, 1988 წლის დეკემბრის მოვლენების შემდეგ, აქ მდგომარეობის ხელოვნურად დაძაბვის ცდა და აფხაზეთის ავტონომიაში ვითარების ესკალაციაც.
გაზეთში „ქართული ქრონიკა“ 1989 წლის 30 ივლისს გამოქვეყნდა ცნობა: „16 ივლისიდან (ანუ სოხუმში პროვოცირებული ტრაგიკული ამბების მეორე დღიდან – უ. ო.) თბილისში
მიმდინარეობს მიტინგები და დემონსტრაციები ეთნიკურ პრობლემებთან დაკავშირებით... კრემლის გეგმა ნათელია –მთელს საქართველოში სამხედრო რეჟიმის დამყარება, იმის განხორციელება, რაც მან ვერ შეძლო აპრილში და ქართველი ხალხის გენოციდის განხორციელება საქართველოში მცხოვრები მუსულმანების ხელით“ – ნათქვამია გაზეთში და შემდეგ „საქართველოს დემოკრატიული ალიანსი“, ედპ-ის მეთაურობით გაკეთებულ მიმართვაში, აშშ-ის კონგრესს წარუდგენს, მათი აზრით, საქართველოში მდგომარეობის დეესკალაციისათვის გასატარებელ აუცილებელ ღონისძიებათა შესახებ თავის მოთხოვნებს, რომელშიც მთავარი ადგილი უჭირავს აფხაზეთის ხელისუფლებიდან კრემლის ყველა აგენტის განთავისუფლებას და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თბილისიდან სპეციალური კომისიის მეშვეობით მართვის მოთხოვნას. შემდეგ კი იქვე ნათქვამია, რომ „დემოკრატიული ალიანსი ქმნის თავდაცვის შტაბებს აფხაზეთად წოდებული ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში ქართველთა სიცოცხლის დაცვის მიზნით, ეძებს გზებს აფხაზ მოსახლეობასთან, რათა აუხსნას მას, რომ იგი მხოლოდ და მხოლოდ ბრმა იარაღია კრემლის ხელში და რომ ქართველებსა და აფხაზებს არაფერი აქვთ გასაყოფი...“. იქვე ნათქვამია, რომ „ისლამისა და კრემლის ალიანსი უფრო და უფრო საშიშ ფორმებს იძენს. იქმნება ისეთი შთაბეჭდილება...
რომ ქართველები მართლა ჩაგრავენ და ავიწროებენ საქარ-
თველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს. მტკიცება იმისა, რომ ეს ასე არ არის, ზედმეტად მიგვაჩნია...“. და ბოლოს მიმართვა ასე მთავრდება: „ვეყრდნობით რა სენატის
№110 რეზოლუციას, საქართველოს ედპ-ს სახელით ვთხოვთ აშშ-ს კონგრესს აქტიურად ჩაერთოს საქართველოში დღეს მიმდინარე პროცესებში, რათა თავიდან იქნას აცილებული კრემლის ჩანაფიქრი – საქართველოში სამხედრო რეჟიმის დამყარების გზით ქართველი ხალხის გენოციდის განხორციელება“[20].
ფაქტია, რომ კრემლმა საქართველოში ყველა მისი ბერკეტი აამუშავა ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, ქართული ეროვნული მოძრაობის ავანგარდში ყოფნაზე პრეტენზიის მქონე ძალებსაც მეტი სიფრთხილე და დიპლომატია უნდა გამოეჩინათ, როდესაც ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოში კონსტიტუციურად დაკანონებულ ავტონომიურ ერთეულზე საუბრობდნენ. მით უმეტეს, როდესაც მასთან დიალოგის აუცილებლობაზე ლაპარაკობ, ამ დიალოგისათვის საჭირო სივრცე მაინც უნდა დატოვო... რის უნარიც, როგორც ჩანს, აღნიშნულ ალიანსის ამ ფრთას ნამდვილად აკლდა. თუმცა აღსანიშნავია ამავე ძალების მიერ საქართველოს ეროვნულ-პოლიტიკური ორგანიზაციების კომუნიკეში დაფიქსირებული თავგანწირული სიმამაცის ფაქტიც, რომელიც გამოხატეს 1989 წლის 7 ნოემბრის პარადის ჩაშლის ღონისძიებათა შესახებ განცხადებაში, სადაც ისინი საქართველოს კომუნისტური პარტიის ცკ-ის პირველ მდივანს, გივი გუმბარიძეს უხსნიან 1917 წლის ოქტომბრის გადატრიალებისადმი საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა დამოკიდებულებას და პირდაპირ ეუბნებიან, რომ ამ ღონისძიების თბილისში აღნიშვნის მცდელობას მოჰყვებოდა მხოლოდ პოლიტპარტიათა წარმომადგენლების მიერ აღმართული ცოცხალი ჯაჭვით გზის გადაღობვა... „ამ გზით კი ტანკების დამარცხებას.... მერაბ კოსტავა იზეიმებს ჭეშმარიტ უკვდავებას...“ [13]. აქაც პირდაპირ უნდა ითქვას, რომ, სიმამაცე სიმამაცედ, მაგრამ იგი დიდ გონიერებას არ მოითხოვს და არც შეიცავს, მით უმეტეს, რომ, რუსული პრესის პრესრელიზის და მისი ქართველი სატელიტების გამო, დასავლეთში გამოიკვეთა ტენდენცია აფხაზეთის, როგორც საქართველოს გარეთ არსებული მიწა-წყლისა (TACC)
და იმავე ყალბი ინფორმაციების წყალობით ქართველები შეირაცხნენ იმპერიალისტებად [7. 2].
ამასთან, საქართველოს კომუნისტური ხელისუფლება აგრძელებს რესპუბლიკაში ვითარების ხელოვნურად დაძაბვის პოლიტიკას და გაზეთში „ოზურგეთის მოამბე“ კორესპონდენტს აძლევს საშუალებას სტატიის სათაურშივე დასვას კითხვა: „შემთხვევითობა თუ მასირებული შეტევის გაგრძელება?“. მასში საუბარია ოზურგეთს რაიონის სოფელ შემოქმედის, ძიმითის მე-2 საშუალო სკოლაში მოსწავლეთა მოწამვლის ფაქტებზე; საუბარია ქობულეთის რაიონის სოფელ აჭყვისთავის სკოლის ადმინისტრაციაზე, რომელმაც 9 აპრილს სწავლა არ შეწყვიტა...[10].
1989 წლის 9 აპრილის თბილისის ტრაგედიის შემდეგ საქართველოში დაიწყო კომუნისტური სტრუქტურების შეუქცევადი დემონტაჟის პროცესი. კომუნისტური პარტიიდან და მისი სატელიტი კომკავშირული ორგანიზაციის რიგებიდან დაიწყო პიროვნებათა გამოსვლა და სათანადო აქციები ამ პროცესის დასაჩქარებლად. მან სასწრაფო გამოხმაურება პოვა ქალაქ ბათუმში, ქობულეთისა და ხელვაჩაურის რაიონებში. ქალაქ ბათუმში, გაზეთ „აჭარის“ ყოფილ რედაქციაში (ახლანდელი მემედ აბაშიძის ქუჩაზე), აჭარაში მოქმედ კომკავშირული ორგანიზაციის საოლქო კომიტეტს, ედუარდ სურმანიძით სათავეში, მოლაპარაკების მაგიდასთან შევხვდით ეროვნული მოძრაობის ადგილობრივი წარმომადგენლები: კობა ხაბაზი, ედპ-ის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ კოპლატაძე და მე, უჩა ოქროპირიძე.
მოლაპარაკებამ საკმაოდ გაჭიანურებული და მძიმე ხასიათი მიიღო, რის გამოც ჩვენ იძულებული გავხდით კომუნისტური იდეოლოგიით გაბრუებულ და გაკერპებულ ახალგაზრდათა კომუნისტური კავშირის ორგანიზაციის წევრებისათვის პირდაპირ განგვეცხადებინა: „თქვენი ნებაა. თქვენ გსურთ მიწაში ჩაყვეთ მიცვალებულს, რომელსაც, დამარხვის გარდა, სხვა არაფერი ეგების... და რაც უფრო დიდხანს გავაჩერებთ მას, კიდევ უფრო მოწამლავს ატმოსფეროს...“. ამასთანავე, როგორც მახსოვს, კობა ხაბაზმა დაამატა, რომ „ჩვენ ეს არ გვინდა, რადგან დასაკარგავი ქართველები ნამდვილად არ გვყავსო...“.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება, საქართველოს მარიონეტულ მთავრობასთან ტანდემში, ეროვნული ძალების დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც ცდილობდა გაეგრძელებინა თავისი ანტიეროვნული, კოლაბორაციონისტული პოლიტიკა რეგიონში. ასეთი ვითარების ფონზე აჭარის მეზობელ გურიაშიც კიდევ უფრო ძლიერდება ეროვნული ძალისხმევა და 1990 წლის გაზაფხულზე იქმნება 9 აპრილს თბილისში დაღუპული ნინო თოიძის საზოგადოება, რომელმაც მოიცვა გურიის მახლობელი აჭარის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალი სოფლები: აჭი, ქაქუთი, ნაცხავატევი, ტყემაკარავი[8], ხოლო შედარებით უფრო ადრე, 1989 წლის ზაფხულში შეიქმნა ოზურგეთის სახალხო ფრონტი [9].
სეპარატისტულ პოლიტიკას ადგა ე. წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებაც, რომლის აშკარად გამოხატული ანტიქართული პოზიციების გამო, ამ რეგიონისაკენ 1989 წლის 23 ნოემბერს თბილისიდან მშვიდობიანი მარშით დაიძრა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ათასობით წარმომადგენელი. მაგრამ მათ ცხინვალის შესასვლელთან გზა გადაუღობა საბჭოთა არმიის კორდონმა და ცხინვალში მიმდინარე მიტინგზე არ შეუშვა. ოსური მხარის დელეგაციამ მათ შესთავაზა მხოლოდ 300 მანიფესტანტის შეშვება, რაზედაც ქართულმა მხარემ უარით უპასუხა. ამის გამო გამოქვეყნდა საქართველოს სახალხო ფრონტის მიმართვა აღნიშნულ საკითხზე, რომელსაც ხელს აწერენ: ნ. ნათაძე, შ. ნადირაშვილი, გ. აბულაძე, გ. პეტრიაშვილი, ა. იმნაძე. გ. ყორანაშვილი, ე. შენგელია, გ. მარჯანიშვილი, რ. გოცირიძე, რ. პეტრიაშვილი, კ. არაბული, ა. მარშანია, დ. ადეიშვილი, თ. კიკაჩეიშვილი და სხვა [15].
სულ მალე ამის შემდეგ, კერძოდ, 1990 წლის დასაწყისიდან წინ წამოიწია კიდევ უფრო რადიკალური მოთხოვნები:
„ა) საქართველოს საბჭოთა ხელისუფლებისა და წყობილების გაუქმება, ბ) რუსეთის მოდერნიზებული იმპერიის საოკუპაციო ჯარების მიერ საქართველოს ტერიტორიების დატოვება, გ) საქართველოში დემოკრატიული ქვეყნებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან სპეციალური მისიებისა და დელეგაციების ჩამოსვლა, დ) საყოველთაო კენჭისყრით ნამდვილი ეროვნული მთავრობის არჩევა, ე) „ჯვაროსნული ომი კომუნიზმს! წინ თავისუფლებისაკენ! 5. 01. 1990“ [11].
ძალიან მძიმე ვითარებაა საქართველოს მეზობელ აზერბაიჯანშიც, რის შესახებაც მოგვითხრობს ცნობილი რუსი კინორეჟისორი სტანისლავ გოვორუხინი: – „ბაქოში ნანახის შემდეგ მე განადგურებული და გაოგნებული ჩამოვედი. მაშინვე დავჯექი მაგიდასთან – ამ შემზარავი შთაბეჭდილებების დატოვება საკუთარ თავში შეუძლებელი იყო“ – შენიშნავს იგი და შემდეგ მოგვითხრობს: „...ჯარი ქალაქში მაშინ შევიდა, როდესაც სომხები იქ აღარ იყვნენ. ცოცხლები გაემგზავრნენ, ხოლო
მიცვალებულები დაიკრძალნენ. დასაცავი აღარაფერი იყო...
106 მოკლული, დაჭრილთა რაოდენობა უთვლელია... მსხვერპლი გაცილებით ნაკლები იქნებოდა, ხალხს რწმენა რომ არ ჰქონოდა, თავისი ჯარი თავის მოქალაქეებს არ ესვრისო“ – ამბობს ავტორი და შემდეგ ჰყვება წარმოუდგენელ საშინელებას:
„სუმგაითის გზაზე, ქუჩის პირას, რათა ტანკების კოლონისათვის გზა დაეთმო, იდგა მსუბუქი ავტომანქანა. მასში ისხდნენ – აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის სამი მეცნიერი, პროფესორი, მათ შორის ერთი ქალი. უცებ კოლონიდან გამოვიდა ერთი ტანკი, ლითონზე მუხლუხების ღრჭიალით გადაუარა მანქანას, გაჭყლიტა შიგ მსხდომნი. კოლონა არ შეჩერებულა – წავიდა ქალაქში შეფარებული მტრის გასანადგურებლად“ [31].
აზერბაიჯანისა და ბაქოს საშინელებებმა ფართო გამოხმაურება პოვეს უცხოეთის პრესაში. გაზეთში „ლუმანიტე“ კორესპონდენტმა დრა პორუჟემ გამოაქვეყნა წერილი „მგლოვიარე ბაქო“, რომელიც ფრანგულიდან ქართულად თარგმნა რუსუდან ორაგველიძემ. მასში, უპირველეს ყოვლისა, ხაზგასმულია ბაქოში გამოფენილი ტრანსპარანტები: „გორბაჩოვი ჯალათია – ყაზახი, ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხისა! ვინ იქნება შემდეგი?“, „ძირს ფაშისტური კომუნისტური პარტია“ და ა.შ. „...მრავალი ასეული აზერბაიჯანელია მკვდარი და დაკარგული... აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის ცნობით, 20 იანვრის 12 საათისთვის, საბუთების მქონე დაღუპულთა რიცხვი 124 იყო... დაჭრილებთან ექიმებს არ უშვებენ, არამედ მათ ტყვიების დამატებითი ჯერით უმასპინძლდებიან. ბაქოში 1990 წლის 22 იანვარს119 საფლავი გაიჭრა“ [2].
19-20 იანვრის ბაქოს სისხლიანი მოვლენების ფაქტების შემსწავლელი წინასწარი საგამოძიებო კომისიის ცნობით, 20 თებერვალს... მოკლულია 160 კაცი... დაჭრილია 400...
შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი გვამების ცალკეული ნაწილების, სამხედრო ტექნიკით გაჭყლეტილთა რიცხვი – უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შესახებ არსებულ ცნობებთან შეპირისპირებით – 140 კაცი... „ბევრია გატანილი მოვლენათა ადგილებიდან, ჩადენილი მხეცობის დამალვის მიზნით“ [14].
საქართველოსა და აზერბაიჯანში საბჭოთა არმიის მიერ ჩადენილ მხეცობათა განმცდელი ქართველი ავტორი იგორ გიორგაძე სტატიაში – „9 აპრილი მარტო ტკივილი არ არის“ -იგონებს დაჭრილი კურდღლის სოროში შემალვისა და გიურზების ამბავს და აღნიშნავს, რომ ადამიანებმა გიურზებიც ვერ გაიმეტეს გამოსაწვავადო... შემდეგ კი იქვე მოაქვს პასაჟი სოკრატეს დიალოგიდან: „– რა არის მშვენიერება? მშვენიერია ქალიშვილი და რა შეიძლება ეწოდოს იმას, ვინც მშვენიერებაზე ხელს აღმართავს, მოკლავს მშვენიერებას?...“ სოკრატე არაფერს ამბობს ამის თაობაზე, რადგან ვერ წარმოუდგენია, ალბათ, სისაძაგლის ასეთი ხარისხი... შენიშნავს ავტორი და იქვე დაასკვნის: „ინგლისის მლეწავ ველურ ვანდალებს ეს წითელარმიელები შეგირდებადაც არ აიყვანდნენ“ [16. 2]. და იქვე – „დაღუპულთა ნათესავებმა, ჭირისუფლებმა სამძიმრის დეპეშები მიიღეს სსრ კავშირის მთავრობისა და პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროსაგან – ცინიზმის ეს რეკორდი უდავოდ გინესის წიგნშია შესატანი“. და ბოლოს, ავტორს მოაქვს ჩადაევის ცნობილი პოსტულატი: „რუსეთი არსებობს მხოლოდ იმისთვის, რომ მსოფლიოს საშინელებათა გაკვეთილები მისცეს“.
ნაწილი მეორე
ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უდიდესმა გაქანებამ გავლენა მოახდინა მეზობელი თურქეთის რესპუბლიკის, ქართულ ისტორიულ ტერიტორიებზე მცხოვრებ და, განსაკუთრებით, ძნელბედობისას იქ გადასახლებულ ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლებზე, რომელთა ერთ-ერთი წარმომადგენელი ქ. ფაცადან სულეიმან ინაიშვილი ლექსში
„წმინდა ილიასადმი“, ასე მიმართავს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორეს – „შენ ჩვენი რწმენის აღმშენებელო კათალიკოსო...“ და შემდეგ, ეხება რა ზოგად ქართულ სატკივარს, ამბობს:
„საქართველოს ახლა სჭირია შეკავშირება და ერთობა, ჩვენ ძმანები ვართ, არ იქნება აფხაზობა, აჭარლობა და ოსეთობა,
...გვჭირია ჩვენ ჩვენი სახელმწიფო და თავისუფლება!“
9 აპრილის ტრაგედიის შესახებ კი ავტორი განცდით აღნიშნავს:
„ჩვენთვის დასავიწყარი დღე არ არის, შავი დღეა 9 აპრილი, იმ დაუმიწყარ დღეში იყო ქართველები ქუჩაში დაყრილი, ჩვენ თავისუფლება გვინდაო, ყველგან თავი ჰქონდათ მოყრილი...“
„... კაი რამე არ გეგონოთ აგი საბჭოთა კავშირი, - ...სულ რომ ტვირთი ჩვენ მოგვკიდეს, გაგვხადეს მაგენმა ვირი, გადავირჩინოთ უნდა თავი ღმერთით, განა რა იქნება სულზე ძვირი“[23].
აი, რაც ასეთი უბრალო და გასაგები იყო ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლებისათვის, რატომღაც დღემდე ძალიან რთული და გაუგებარი აღმოჩნდა ქართული ნომენკლატურისა და მისი სატელიტი წითელი ინტელიგენციის უდიდესი ნაწილისთვის და ესეც მასში აღზრდილი საბჭოთა რუსული იმპერიული აზროვნების უშუალო შედეგია.
თუმცა საქართველოს კომუნისტური ორგანიზაციები მაინც ვერ ელეოდნენ საკუთარი სტრუქტურების გაეროვნულების ილუზიას (იმდენად დიდი იყო ხელისუფლებაში დარჩენის ცდუნება) და ამიტომაც დღის წესრიგში დადგა მათი თვითლიკვიდაციის აუცილებლობა. მაგრამ ამ აუცილებლობას მათ ახალი სიყალბითა და დემაგოგიით უპასუხეს, რაც გამოიხატა „საქართველოს კომუნისტური პარტიის მიმართვაში კომუნისტებისა და მშრომელებისადმი, უპარტიო ინტელიგენციის, ახალგაზრდობისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისადმი, სადაც ისინი, მიუხედავად ყველაფრისა, უტიფრად აცხადებდნენ, რომ „კომუნისტებს სურთ დარჩნენ საზოგადოების ავანგარდში“, ურთიერთობის აუცილებლობად აღიარებენ „პოლიტიკურ დიალოგს და ოპონენტის დარწმუნების ფორმას“, და რომ „კომუნისტური პარტიისათვის დასაშვებია აზრთა ჭეშმარიტი პლურალიზმი“ [5.3]. ამის პარალელურად კი ცდილობენ ეროვნული მიმართულების ორგანიზაციებში შეღწევას და იქ დომინანტური პოზიციის მოპოვებით, თავიანთ სასარგებლოდ მათ დეზორიენტაციას. იგივე საინფორმაციო საშუალება გვატყობინებს, რომ „ყაზბეგის რაიონის სახალხო ფრონტი, კომპარტიის ადგილობრივი ორგანოს პარტუჯრედია; აქვე აღნიშნულია კომუნისტური ნომენკლატურის გაბატონებული მდგომარეობა სახალხო ფრონტის ზოგიერთ სხვა რაიონულ ორგანიზაციებშიც [იქვე].
ამასთანავე აღსანიშნავია ადგილობრივი კომუნისტური ნომენკლატურის თვითნებობა და ანტიეროვნული პოზა საქართველოს რეგიონებში. სწორედ ამის შესახებ გვიამბობს საქართველოს სამართალი – რადიკალური კავშირი, ეროვნული სამართლიანობის კავშირის წევრების, გიორგი გოდერძიშვილისა და ბესო საბაშვილის ინიციატივით 1990 წლის 29 ივლისს ასპინძაში ჩატარებული მიტინგი, რომლის დროსაც ასპინძის მილიციის უფროსი ტივაძე აცხადებდა, რომ ასპინძა მისია და იქ მიტინგს ვერავინ ჩაატარებს, თან იმუქრებოდა მომიტინგეთა დაპატიმრებით. მიუხედავად ამისა, მიტინგი მაინც შედგა და მისი მონაწილენი გაეცნენ ადგილობრივი მმართველების მიერ შესრულებულ მათ მოთხოვნებს და მიიღეს რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც, მოთხოვნათა დარჩენილი პუნქტების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შეუერთდებოდნენ ეროვნულ დაუმორჩილებლობას [იქვე: 4].
ანტიქართულ გამოხდომებს ააქტიურებენ ოსები და 1990 წლის თებერვალში „ადამონ ნიხასი“ ითხოვს საქართველოში „თურქი მესხების“ ჩამოსახლებას. პარალელურად, ოსი მოსახლეობის მიერ დაზიანებულ იქნა ცხინვალში მიმავალი სარკინიგზო ლიანდაგი.
თბილისში, კინოს სახლთან საქართველოს ჰელსინკის კავშირმა და ილია მართლის საზოგადოებამ გამართა მიტინგი „თურქი მესხების საკითხთან დაკავშირებით“. მასზე სიტყვით გამოვიდა ზვიად გამსახურდია, რომელმაც დაგმო ილია ჭავჭავაძის საზოგადოებისა და ცალკეულ პიროვნებათა – რ. ჩხეიძე,ნ. გელაშვილი, გ. მამულია – პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით; აქვე სიტყვით გამოვიდნენ სამცხე-ჯავახეთიან ჩამოსული მესხები, რომელთაც მოიგონეს „თურქ მესხებთან თანაცხოვრების წლები და დაუშვებლად მიიჩნიეს მათი საქართველოში ჩამოსახლება“ [25. 1]. უფრო ადრე, 1989 წლის 14 დეკემბერს მოეწყო ოზურგეთის საზოგადოების წარმომადგენელთა შეხვედრა მერაბ კოსტავას, თამარ ჩხეიძესა და ზ. მამალაძესთან, საქართველოში 10 „თურქი მესხის“ ჩამოსახლების საკითხთან დაკავშირებით, რამაც აღნიშნული საზოგადოების სასტიკი წინააღმდეგობა და შეშფოთება გამოიწვია, რადგანაც ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს გახდებოდა დასაწყისი საქართველოში თურქების ჩამოსახლებისა [4].
1990 წლის 2 მარტს წმიდა ილია მართლის საზოგადოებისა და საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის ინიციატივით „თურქი მესხების“ საკითხზე მიტინგი ჩატარდა ოზურგეთში. სულ ცოტა ხანში ანალოგიური აქცია გაიმართა ლანჩხუთშიც, სადაც მოსახლეობამ მიიღო რეზოლუცია, რომ „იგი სასტიკი წინააღმდეგია „თურქი მესხების“ საქართველოში ჩამოსახლებისა“. მიტინგის დადგენილებაში აგრეთვე ნათქვამია: „სანამ საქართველო დამოუკიდებლობას არ აღიდგენს,ყოველგვარ ჩამოსახლებაზე ლაპარაკი ზედმეტია“ [25. 8].
დიდი ყურადღება ექცეოდა გურიაში ჩამოყალიბებული ორგანიზაციების საქმიანობასა და მათ მჭიდრო ურთიერთობას მეზობელ აჭარასთან. 1989 წლის სექტემბერში ლანჩხუთსა და
ოზურგეთში არსებულ ედპ-ის ქვეკომიტეტებისაგან შეიქმნა ერთიანი, გურიის ედპ-ის კომიტეტი. ამავე წლის 7 სექტემბერს ოზურგეთში მოეწყო ედპ-ის ბათუმის, ლანჩხუთისა და ადგილობრივი (ოზურგეთის) კომიტეტების წარმომადგენელთა შეხვედრა, სადაც გადაწყდა შექმნილიყო ედპ-ის გურია-აჭარის ბიურო – ბიძინა აფხაზავას (ბათუმი), ვახტანგ ზენეიშვილის, ბეჟან თავართქილაძის, მერაბ სადღობელაშვილის, მერაბ ფირცხალაიშვილის და გურამ ჩახვაძის შემადგენლობით [4].
ამავე პერიოდში ბორჯომში წმ. ილია მართლის საზოგადოებამ ულტიმატუმი წარუდგინა ბორჯომის რაიკომის პირველ მდივანს, გ. პეტრიაშვილს ლენინის ძეგლის აღების მოთხოვნით. მასზე უარის მიღების შემდეგ, დასვეს საკითხი რაიკომის მდივნის გადაყენების შესახებ. 1990 წლის 18 მარტს ზვიად გამსახურდიასა და ადგილობრივ ეროვნულ ორგანიზაციათა ძალისხმევით ლენინის ძეგლები ჩამოგდებულ იქნა ქობულეთსა და ბათუმში, ხოლო ცოტა მოგვიანებით, ხულოსა და აჭარის სხვა რაიონულ ცენტრებში.
საქართველოსადმი საბჭოთა მთავრობის ვერაგული მტრობის კიდევ ერთ გამოვლინებას წარმოადგენდა ჩერნობილის ოლქიდან საქართველოში რადიაციით დასხივებული ხორცის დიდი რაოდენობით შემოტანა, რომლის ბათუმის საწყობებში გამოვლენასა და გატანაში, შემდგომ კი მის რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ გაგზავნაში, მერაბ კუტუბიძესა და ბათუმის სახალხო ფრონტის აქტივისტებთან ერთად ვმონაწილეობდი. 1990 წლის 1 მარტს ჩატარებული მიტინგის შედეგად, ასეთივე ხორცი გატანილი და ბელორუსიაში გაგზავნილ იქნა გორიდანაც [25].
1990 წლის 5 იანვარს თბილისში, მთავრობის სახლის წინ, საქართველოს დამოუკიდებლობის პარტიის, წმ. ილია მართლის საზოგადოებისა და მონარქისტული პარტიის ინიციატივით დაიწყო აქცია საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით (მეც ვესწრებოდი – უ. ო), მაგრამ აქციის საწყის ეტაპზე და მას შემდეგაც, რაც მას საქართველოს ედპ შეუერთდა, მის მონაწილეთა რიცხვი 200 კაცს ვერ გასცდა; მხოლოდ საღამოს, დაგეგმილი მიტინგისა და რუსთაველის ქუჩის გადაკეტვას რომ კრახი დაემუქრა, ზვიად გამსახურდიას წინამძღოლობით აქციას შეუერთდა მის მიერ მოყვანილი ათეულ ათასობით მანიფესტანტთა ტალღები, რის გამოც გახარებული ირაკლი წერეთელი იქეთ-აქეთ აწყდებოდა და გაიძახოდა, „აგორდა აქცია!“. შემდეგ დღეებში აქციას შეუერთდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, მათ შორის, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოდან ჩამოსული ეროვნული მოძრაობის აქტივისტები. 10 იანვარს ხალხმა „პედესტალებიდან“ ჩამოაგდო და მომიტინგეთა წინაშე თრევა-თრევით ჩამოატარა ძერჟინსკის, კამოსა და ბორის ძნელაძის ძეგლები თუ მათი ნამუსრევები [22].
განსაკუთრებით შემზარავ ხასიათს ატარებდა ოსი ექსტრემისტის მიერ აკვანში ჩაკლული საკუთარი დისშვილის, 9 თვის ქართველი ყრმის, გიორგი ნიკორიშვილის მკვლელობის გარშემო დატრიალებული ამბები, როდესაც მოკლული ბავშვის ბებია, ვარვარა გაგლოევა-თედეევა, ცხინვალის სამშობიარო სახლში მიეჭრა ექიმ ნათელა ნიჟარაძეს და აძალებდა ბავშვის მკვლელობა თავის თავზე აეღებინებინა მოკლული ბავშვის მამისთვის [იქვე, გვ. 2].
ალბათ ყველა დაგვეთანხმება, რომ ადამიანური სიმდაბლე და ნაძირალობა ამაზე ქვემოთ ვერ დაეშვება, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არის ქართულ-ოსურ ურთიერთობაში საბჭოური სიმახინჯის მიერ გაღვივებული არაადამიანობის კიდევ ერთი გამოვლინება, რომელიც მის ავტორთათვის ისეთ მითიურ სისაძაგლედ გამოვლინდა, რომელიც მხოლოდ კორინთელების მიერ ბერძენი ტრაგიკოსის, ევრიპიდეს მოსყიდვას შეიძლება დაედაროს, მედეას საკუთარი შვილების მკვლელად გამოყვანის მიზნით. ასეთ საქმეთა ჩამდენნი კი არა მარტო აგრძელებენ ქართულ მიწაზე ცხოვრებას, არამედ მათ მართლმსაჯულებისაგან თავგამოდებით იცავს რუსული არმია და სახელმწიფო.
მოკლედ, ასეთია ის გარემოებანი, რომლებიც წინ უძღოდა და, ფაქტობრივად, განაპირობა „დიდი ღამის“ შემზადება საქართველოს უახლოეს წარსულში. როდესაც ვლაპარაკობთ ზემომოყვანილ ფაქტებზე და ვაანალიზებთ ქვეყნისათვის მისგან გამომდინარე სამომავლო განვითარების ისტორიულ პერსპექტივას, სხვა არაფერი დაგვრჩენია, გარდა აღიარებისა, რომ ასეთი ფსიქოიდეოლოგიური და პოლიტიკური გარემოცვის პირობებში „დიდი ღამის“ დადგომა ჩვეულებრივ გაგრძელებად უნდა ჩაითვალოს, რაც ასეც არის... დღესაც.
ლიტერატურა – REFERENSES
1. „არჩილ ხანთაძის მოხსენება „პარიზი 89“ ქრისტიან-დემოკრატთა შეკრებაზე“, გაზ. „ქართვლის დედა“, 1989, 6 ნოემბერი, №6, გვ. 6.
2. „ბაქოს ტრაგიკული ამბები“, გაზ. „ამბიონი“ (რეგიონალური საინფორმაციო ბიულეტენი სდპ-IV დასი, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის კომიტეტი), 1990, №1, გვ. 4.
3. ბერიძე კ. გაზ. „ოზურგეთის მოამბე“, 1990, №1.
4. გაზ. „გურია“, ედპ-IV დასი, 1989, №2.
5. გაზ. „დღესი“, 1989, 9 აგვისტო, №2, გვ. 3.
6. გაზ. „დღესი“, 1989 წ., 9 აგვისტო, №2, გვ. 21.
7. გაზ. „დღესი“, 1989, 9 აგვისტო, №2, გვ. 2.
8. გაზ. „ლეხაური“, 1990, 26 მაისი, №2.
9. გაზ. „ოზურგეთის მოამბე“ (ოზურგეთის სახალხო ფრონტი), 1989, ნოემბერი, №11.
10. გაზ. „ოზურგეთის მოამბე“, 1990, №5.
11. გაზ. „ქართვლის დედა“, 1990, 13 იანვარი, №1(8); აქვე: „მიმართვა ქართველი ერისადმი“.
12. გაზ. „ქართვლის დედა“, 1989, 30 ნოემბერი, №7, გვ. 3.
13. გაზ. „ქართვლის დედა“, 1989, 6 ნოემბერი, №6, გვ. 6.
14. გაზ. „ქართვლის დედა“, 1990, 16 მარტი, №9.
15. გაზ. „ქართვლის დედა“, 1989, 30 ნოემბერი, №7.
16. გაზ. „ქართლი“ (ქართლის სახალხო ფრონტი), 1990, იგრიკა, №4, გვ. 2.
17. გაზ. „ქართული ქრონიკა“, 1989, №№39, 40, 41, 44, 45.
18. გაზ. „ქართული ქრონიკა“, 1990, 25 თებერვალი, №3 (60).
19. გაზ. „ქართული ქრონიკა“, 1990, 25 თებერვალი, №3(60), გვ. 5-6.
20. გაზ. „ქართული ქრონიკა“, 1989, 30 ივლისი, №45.
21. გაზ. „ქართული ქრონიკა“, 1989, 20 ივნისი, №41.
22. „ეროვნულ დემოკრატი“, საქართველოს ედპ-IV დასის კახეთის კომიტეტის ბიულეტენი, № 1, 1990.
23. კიკნაველიძე დარეჯან. „სხვა საქართველო სად არის“, გაზ. „ქართვლის დედა“, 1990, 16 მარტი, №9, გვ. 5.
24. პაიპსი რიჩარდ. „რა უნდა ვიღონოთ საბჭოთა საფრთხის წინააღმდეგ. დასავლეთის სტრატეგია დღეს და მომავალში“, საქართველოს ედპ-ს მოამბე, 1990, №10.
25. პრეს-ბიულეტენი, №7, 4 მარტი, 1990, ქართული საინფორმაციო ცენტრი, გვ. 1.
26. საინფორმაციო წყარო, №1, ქრისტეშობისთვე, 1989, საქართველოს სახელმწიფოებრივი აღდგენა-აღორძინების პარტია, გვ. 10-11.
27. საქართველოს რესპუბლიკის ფედერალური პარტიის კონსტიტუციური ფრაქცია, № 1, 1990 წლის 25 მარტამდე, გვ. 1.
28. სერგეი ესენინი (თარგმ. უჩა ძიძავასი), გაზ. „გზა“ (პერიოდული თვითგამოცემა), ტყიბული,1989,1 სექტემბერი.
29. „შავლეგო“ (სრულიად საქართველოს წმ. ილია მართლის საზოგადოების ბიულეტენი), 1990, ოქტომბერი, №1.
30. წმ. ილია მართლის საზოგადოების სამხედრო საქმეთა საინფორმაციო ბიულეტენი, № 2, 1989.
31. Говорухин Станислав. «Репетиция».Газ. «Московские новости». 1990, 17 февраля, №7.
32. Корсунский Владимир. Газ. «Экспресс-хроника», 1989, №18.
33. Пестель П.И., «РусскаяПравда».С.-Петербург, 1906. с. 48.