ჟურნალი ნომერი XXXVI ∘
ნინო თომაძე ∘
XI საუკუნის ქართულ-ბიზანტიური ურთიერთობების ისტორიიდან (მარიამ არწრუნის ელჩობა ბიზანტიაში, ისტორიულ-მენტალური ანალიზი)XI საუკუნის დასაწყისში ქრისტიანულ აღმოსავლეთში ახალი სახელმწიფო – საქართველო იქმნება; ერთიანდება ქართული მიწები: აფხაზეთი, ტაო-კლარჯეთი, ჰერეთი, კახეთი; ყალიბდება გაერთიანებული ქართული მონარქია ბაგრატ III- ით სათავეში; საფუძველი ეყრება ქართულ სახელმწიფოებრიობას [3. 153-159].
ბუნებრივია, ყოველივე ეს აღმოსავლეთ რომის იმპერიის, ე.წ. ბიზანტიის თვალწინ ხდება. ერთმნიშვნელოვნად ძნელია თქმა ბიზანტიის, მართლმადიდებლობის ფორპოსტის მაშინდელ მესვეურებს რა ემოციებს აღუძრავს ასევე უძველესი მართლმადიდებლური მიწების ერთ ძლიერ მონარქიად გარდაქმნა, თუმცა ამაზე პასუხს ისევ და ისევ ისტორია იძლევა, საიდანაც ჩანს, რომ ახალი მართლმადიდებლური სამეფოს შექმნა ბიზანტიისთვის ერთგვარი გამოწვევაა. ფაქტია, რომ ბიზანტია მთელი XI საუკუნის განმავლობაში საქართველოსთან მიმართებაში ერთმანეთს უნაცვლებს ომისა და ზავის, მოყვრობისა და შიდა დაპირისპირების მომენტებს, რა დროსაც მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ ინტერესებს იცავს, ხშირად საქართველოს დასუსტების და ქართული პოლიტიკის არევის ხარჯზე, რაც ადასტურებს, რომ მისთვის გაერთიანებული ქართული მონარქიის არსებობა (ყოველ შემთხვევაში, თურქ-სელჩუკთა შემოსევებამდე მაინც, რამაც ბიზანტია-საქართველო ძალაუნებურად მოკავშირეებად გადააქცია) პოლიტიკური კონკურენტის გაჩენაა საერთაშორისო ასპარეზზე [3. 199].
როგორც ცნობილია, ტაოს მეფე დავით III კურაპალატს ბიზანტიის კეისარმა ბასილი II მაკედონელმა, ბარდა სკლიაროსის აჯანყების ჩახშობაში დახმარებისათვის, იმიერტაოს მიწები უბოძა. გაერთიანებული საქართველოს მეორე მეფემ, ბაგრატ III-ის ვაჟმა, გიორგი I-მა, რომელიც გამეფებისას, მისი მამის მსგავსად, ოთხ ტიტულს ატარებდა – მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა, ჰერეთზე და კახეთზე კონტროლი დაკარგა. ეს მიწები გაერთიანდა და ახალ სამეფოდ – კახეთ-ჰერეთად იქცა. გიორგიმ, რომელსაც ამის მერე ორი ტიტული „მეფე აფხაზთა და ქართველთა“ შერჩა, ქართული მიწების შემოერთებას იმიერტაოს დაბრუნებისათვის ბრძოლა არჩია, რასაც მოჰყვა ომი ბიზანტიასთან და ამ მიწების მისთვის გადაცემა. ეს მიწები კეისარ ბასილისათვის ომით დაბრუნებული, თუმცა მაინც დიდი პოლიტიკური სარგებელი იყო, რაც მან თავის სასარგებლოდ გამოიყენა [5.285; 3.160].
1027 წელს გარდაიცვალა გიორგი I, რომელსაც ორი მეუღლე ჰყავდა, პირველი – ვასპურაკანის მეფე სენექერიმ არწრუნის ასული მარიამ არწრუნი და მეორე – ოსთა მეფის ასული ალდე.
გიორგი, როგორც ზემოთ აღინიშნა, სხვა ქართველი ბაგრატიონებისაგან განსხვავებით, მკვეთრ ანტიბიზანტიურ პოლიტიკას ატარებდა. მან, რომელსაც არ ჰქონდა ბიზანტიური საკარისკაცო ტიტული, საკმაოდ მძიმე შიდაპოლიტიკური პრობლემების მოგვარების მაგივრად, კეისარ ბასილი II-სთან ომი დაიწყო, რაც
საქართველოს დამარცხებით დამთავრდა. ამ ომს მოჰყვა მცირეწლოვანი ტახტის მემკვიდრის, ბაგრატ უფლისწულის ბიზან- ტიაში მძევლობა, რომელიც 1025 წელს ბასილი II-მ საქართველოში დააბრუნა. მისმა ტახტზე ახლად ასულმა ძმამ, კონსტანტინე VIII-მ ბაგრატის უკან წაყვანა სცდა, მაგრამ ამაოდ.
1027 წლიდან საქართველოს მეფე გახდა მცირეწლოვანი ბაგრატ IV (1027-1072 წწ.), რომელსაც, გიორგი I-ის მსგავსად, ორი ტიტული – „მეფე აფხაზთა და ქართველთა“ ჰქონდა. მეფის ასაკის გამო, სამეფოს მართავდა მისი დედა მარიამ არწრუნი. ამ პერიოდში საქართველო დიდი გამოწვევების წინაშე იდგა: თავაშვებული ფეოდალების ალაგმვა, თბილისის საამიროს და კახეთ-ჰერეთის დამოუკიდებელი სამეფოს შემოერთება; ასევე ბიზანტიის იმპერატორ ბასილი II-თან ომის დროს დაკარგული იმიერტაოს მიწების გადაუჭრელი საკითხი.
ბიზანტიის იმპერიას რომ ძლიერი ქართული სახელმწიფოს შექმნა არაფრად ეპიტნავებოდა, კარგად გამოჩნდა 1028 წელს, ბიზანტიელთა შემოსევისას. მართალია ამ შემოსევას კონკრეტული მიზეზები ჰქონდა [კეისარ კონსტანტინე VIII-ზე (1025-1028 წწ.) გიორგი I-თან დაკავშირებული ნიკიფორე კომნენოსის თავდასხმა; დიდებულთა რჩევა, გიორგი I-ის ვაჟის, ბაგრატ IV-სათვის დაებრუნებინა იმიერტაოს ციხეები], თუმცა, თუ ამ შემოსევის მასშტაბებს გავითვალისწინებთ [„მოვლო და მოაოხრა ქუეყანანი (კონსტანტინე VIII-ის გამოგზავნილმა ბიზანტიელთა სარდალმა – ნ.თ.) იგი, რომელნი პირველ მოეოხრნეს ქუეყანანი ბასილი მეფესცა და უმეტესცა“, თრიალეთში შეჭრა, შავშეთ-კლარჯეთის დალაშქვრა, ქართველი აზნაურების და ე.წ. „წურილი ერის“ მოქრთამვა-გადაბირება, ბაგრატ IV-ისა და დემეტრე კლარჯის დაპირისპირება], აშკარა ხდება, რომ საქმე გვაქვს ბევრად ღრმა მოვლენასთან, ვიდრე შეურაცხყოფილი კეისრის მარბიელი თავდასხმაა. ფაქტია – ბიზანტია ვერ ეგუებოდა საქართველოს ვერც არსებობას, ვერც ძლიერებას [1.54; 5. 292; 8. 382, 385].
1028 წლის შემოსევა შეაჩერა კონსტანტინე VIII-ის სიკვდილმა. კონსტანტინეს ვაჟი არ ჰყავდა და ტახტზე მის შემდეგ მიყოლებით ავიდნენ მისი ქალიშვილი ზოიას ფავორიტები, ხოლო შემდეგ ქმრები: რომანოზ III არგირი (1028-1034 წწ.), მიხეილ IV პაფლაგონი (1034-1041 წწ.) და კონსტანტინე IX მონომახი (1042-1050 წწ.). მათი მმართველობა ბიზანტიის იმპერიის დეგრადაციის ხანად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან
დიდწილად ისინი დედოფალ ზოიას ხელში არსებული მარიონეტები იყვნენ.
რომანოზ III არგირს თავისი ხანმოკლე მმართველობის პერიოდში საქართველოში ლაშქრობა არ განუხორციელებია. ის მეუღლესთან არსებული უთანხმოებისა და საშინაო საკითხების მოგვარებით იყო დაკავებული [12.337; 13.164,171,180].
ქართული სამეფო კარი მცირეწლოვანი მეფით და რეგენტი ქვრივი დედოფლით ცდილობს ბიზანტიასთან უახლოეს წარსულში არსებული მწვავე კონფლიქტები „დაივიწყოს“ და მასთან ახლებური დამოკიდებულებით ორი მნიშვნელოვანი პრობლემა მოაგვაროს: გაიხადოს ბიზანტია მოკავშირედ და მფარველად, რაც საშუალებას მისცემს მისგან საფრთხეც აიცილოს და შიდაპოლიტიკური საკითხებიც დაარეგულიროს.
1031 წელს ეწყობა ქართველთა დიდი ელჩობა ბიზანტიაში, რომელსაც, ქართული წყაროების თანახმად, თავად დედოფალი მარიამ არწრუნი ხელმძღვანელობს, ხოლო ბერძენი ავტორი გიორგი კედრენე წერს, რომ ბიზანტიაში ჩავიდნენ მარიამის წარმომადგენლები. ელჩობის მიზანი იყო მშვიდობის დამყარება და ბაგრატ მეფისთვის „პატივის მითხრობა“, ანუ მეფედ აღიარება და ბიზანტიური მაღალი საკარისკაცო თანამდებობის მინიჭება [2.55].
როგორც ზემოთ აღვნიშნე, აღმოსავლეთ საქრისტიანოს ცენტრი ბიზანტია, ისტორიული ფაქტებიდან გამომდინარე, ძნელად ეგუებოდა საქართველოს შექმნას. ეს მის ინტერესებში არ შედიოდა, თუმცა, ქართული მიწების გაერთიანებამდეც, დაშლილი საქართველოს მმართველნი, განსაკუთრებით ქართლის ერისმთავრები და ტაო-კლარჯეთის მპყრობელი ბაგრატიონები, ბიზანტიას სხვა იმპერიებზე (სასანური ირანი, არაბთა სახალიფო) წინ აყენებდნენ და მასთან დაახლოებას ცდილობდნენ, რასაც რელიგიურ-პოლიტიკური ფაქტორი განსაზღვრავდა. ამისი დასტურია ზემომოყვანილ მმართველთა ბიზანტიური საკარისკაცო ტიტულები (კურაპალატი, ვიპატოსი და ა.შ.) [11.49-56].
ამ ტიტულებს ბაგრატიონნი დიდი სიამაყით ატარებდნენ, რაც მათ სააზროვნო სისტემაში ბიზანტიის უპირატესობის და უზენაესობის აშკარა განმსაზღვრელია. ეს ტენდენცია, სამწუხაროდ, ქართული მიწების გაერთიანების და საქართველოს შექმნის შემდეგაც შენარჩუნდა. აღსანიშნავია, რომ ბიზანტიის მესვეურები გაერთიანებული საქართველოს მეფეებს მეფის ტიტულით არც იხსენიებდნენ და მათ მთავარზე „არხონ“ მაღლა არ აყენებდნენ [3.173], რაც უფრო გამოკვეთს ზემომოყვანილ მენტალურ სუბსტანციას. ბიზანტიის უზენაესად და უპირატესად აღიარება საქართველოს მეფეების მიერ (თუ გიორგი პირველის ანტიბიზანტიურ პოლიტიკას არ ჩავთვლით) გრძელ- დება დავით აღმაშენებლამდე, რომელსაც აღარაფრად სჭირდება ბიზანტიური ტიტულები, რადგან თავს ბიზანტიის იმპერატორებზე ნაკლებად არ თვლის. ამისი დამადასტურებელია, რომ მას არ ჰქონდა ის ბიზანტიური „პატივი“, რის მისაღებადაც მეფე ბაგრატ მეოთხისათვის ასე ილტვოდა დედამისი, საქართველოს დედოფალი მარიამ არწრუნი [4.255].
ფაქტია, რომ ბაგრატ მეოთხის გამეფებისას დედოფალი მარიამი ბიზანტიას, მის მხარდაჭერასა და ბიზანტიურ ტიტულს თავისი ვაჟისთვის იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, რომ შიდაპოლიტიკური, საკმაოდ აწეწილი საქმეების მოგვარება გვერდზე გადადო და ბიზანტიაში წავიდა ელჩად ან, თუ კედრენეს დავუჯერებთ, ელჩები გააგზავნა, რათა მოეგვარებინა მთავარი საკითხი: დაეშოშმინებინა მრისხანე მეზობელი და მიეღო მისგან პატივი თავისი ვაჟისათვის. ნებისმიერ შემთხვევაში ბიზანტიური საკარისკაცო ტიტულის ტარება და ამის პატივად მიჩნევა ბიზანტიის უპირატესობის აღიარებას ნიშნავდა, რაც, როგორც აღვნიშნეთ, დავით აღმაშენებლის ზეობაში დასრულდა, როდესაც ქართველი მეფე ბიზანტიას გაემიჯნა და აღმოსავლეთის უდიდესი სახელმწიფოს მბრძანებელი გახდა.
სუმბატ დავითის ძე წერს: „დედოფალმან მარიამ, დედამან ბაგრატ მეფისამან, შეიმოსა სიმხნე და ახოვანება, რამეთუ ნაშობი იყო ბრწყინვალეთა მათ ძლიერთა და დიდთა მეფეთა არშაკუნიანთა და წარვიდა კონსტანტინეპოლედ წინაშე რომანოზ მეფისა, ვედრებად მისა, რათა მშვიდობა ყოს აღმოსავლეთს და რათა არღარ იყოს ბრძოლა ბერძენთა და ქართველთა, და გლახაკნი დაწყნარებულ და მყუდრო იყვნენ, და რათა მიუთხრეს პატივი ძესა თვისსა ბაგრატს მეფისა წესისაებრ სახელისა“ [8.386].
მარიამის ვიზიტს ადასტურებს მეორე ქართული წყაროს, „მატიანე ქართლისაჲს“ უცნობი ავტორიც: „ამისა წელსა მესამესა წარვიდა დედოფალი მარიამ, დედა ბაგრატისი, აფხაზთა მეფისა საბერძნეთად ძიებად მშვიდობისა და ერთობისა, და კუალად ძიებად პატივისა კურაპალატობისა ძისათვის თვისისა... და მოყვანებისათვს ძის ცოლისა. და ვითარცა მიიწია საბერძნეთად წინაშე ბერძენთა მეფისა, აღუსრულა ყოველი სათხოველი სიხარულით: მისცა ფიცი და სიმტკიცენი ერთობისა და სიყვარულისათვს, დაუწერა ოქრო-ბეჭედნი, მოსცა პატივი კურაპალატობისა და მოსცა ცოლად ბაგრატისთვს ელენე დედოფალ“ [5.294].
გიორგი კედრენე, მესამე წყაროს ავტორი, აღნიშნავს: „ამასობაში ავადმყოფობისგან გარდაიცვალა აფხაზეთის მთავარი გიორგი, ხოლო მისმა მეუღლემ მეფესთან ელჩები გამოგზავნა საჩუქრებით და სთხოვდა საზავო ხელშეკრულებას და თავისი ვაჟისათვის, ბაგრატისათვის საცოლეს. მეფემ მისი თხოვნა შეიწყნარა, ზავი განუმტკიცა და თავისი ძმისწული ელენე, თავისი ძმის ბასილის ქალიშვილი, აფხაზეთში გაგზავნა სარძლოდ. ხოლო ბაგრატი კურაპალატის წოდებაში აღაზევა“ [2.55].
სამივე წყარო მეტ-ნაკლები ცვლილებით ერთსა და იმავე ამბავს გადმოგვცემს, მარიამის ელჩობას – მშვიდობის დამყარების და ბაგრატისთვის კურაპალატობის „პატივის“ მინიჭების მიზნით. რაც შეეხება ელენე არგირს, რომანოზ არგირის ბასილის ქალიშვილს, ეს ქორწინება, როგორც ჩანს, საქართველო-ბიზანტიის სამშვიდობო გარიგების მერე დადგა დღის წესრიგში, რაც ბაგრატისთვის, კურაპალატობის პატივის მინიჭებასთან ერთად, ქართველების დიდ დიპლომატიურ გამარჯვებად უნდა ჩაითვალოს.
აღსანიშნავია, რომ „ქართლის ცხოვრების“ თეიმურაზისეულ ნუსხაში „მატიანე ქართლისას“ წინ ერთვის ჩანაწერი, რომელიც ამოღებულია საქართველოს მაშინდელი კათოლიკოსპატრიარქ მელქისედეკ პირველის „დაწერილიდან“, სადაც მოთხრობილია, რომ რომან არგირთან ჩასულა მელქისედეკ კათოლიკოსი, რომლისთვისაც კეისარს საყდართა შესამკობელი ხატები, ჯვრები და სამღვდელთმთავრო-სამღვდელო სამკაული და შესამოსელი უბოძებია [5.294; 6]. ჩანაწერიდან ნიკოლოზ ბერძენიშვილი ასკვნის, რომ, სავარაუდოდ, დედოფალ მარიამთან ერთად კეისართან მოლაპარაკებას კათოლიკოსპატრიარქი მელქისედეკიც აწარმოებდა [9.193].
მარიამის ელჩობაზე და მასში კათოლიკოს მელქისედეკის სავარაუდო მონაწილეობაზე საუბრობს იაჰია ანტიოქიელიც:
„და მოვიდნენ ქალაქ კონსტანტინოპოლს – დედამისი სანახაბირის ასული, კათალიკოსი, ე.ი. ჯასალიკი, რომელიც მათი სამღვდელოების მეთაურია და ჯგუფი მათი მთავრებისა, დადეს ეს (ხელშეკრულება), წაიყვანეს სარძლო მის მეუღლესთან, ბაგრატთან და მოწესრიგდა ვითარება ბიზანტიელებსა და აბხაზებს შორის“ [10.628].
წყაროთა ურთიერთშეჯერებით ირკვევა, რომ მარიამის ელჩობა (რომელსაც, სავარაუდოდ, დიდ ამალასთან ერთად კათოლიკოს-პატრიარქი მელქისედეკიც ახლდა თან) წარმატებით დაგვირგვინდა, ბიზანტიის კეისარმა რომან არგირმა მშვიდობის პირობა მისცა ქართველებს. ამ პირობის განსამტკიცებლად, ბაგრატ IV-ს კურაპალატის ტიტული უწყალობა და ძმისწული ელენე არგირი ცოლად გამოაყოლა.
სამწუხაროდ, ელენე დედოფალი, რომელთანაც ბაგრატმა ბანას ტაძარში პომპეზური ქორწილი გადაიხადა [14.204], მალე გარდაიცვალა და ამ ეტაპზე ბიზანტია-საქართველოს შორის არსებული ნათესაური კავშირი შეწყდა, თუმცა ბაგრატ IV მთელი სიცოცხლე ატარებდა კურაპალატის ტიტულს, რაც მის ცნობიერებაში ბიზანტიის საქართველოზე უპირატეს სახელმწიფოდ აღიარებად უნდა ჩაითვალოს.
ზოგი მეცნიერის აზრით, მარიამ არწრუნის პრობიზანტიური პოლიტიკა აღიზიანებდა მის ქმარს, მეფე გიორგი I, რის გამოც მოხდა მათი განქორწინება და გიორგის ოსთა მეფის ასულ ალდეზე დაქორწინება [7.153]. ასეა თუ ისე, გიორგის სიკვდილის შემდეგ, საქართველოს მეფეთა ცნობიერებაში ბიზანტიის უპირატესობის და უზენაესობის აღიარება აშკარაა, რაც მათ პოლიტიკაში კარგადაა გამოხატული და წითელ ზოლად გასდევს მთელი მეთერთმეტე საუკუნის საქართველოს ისტორიას. მიუხედავად ქართული მიწების გაერთიანებისა და
საქართველოს დამოუკიდებელი სამეფოს შექმნისა, დავით IV აღმაშენებლის ზეობამდე (1089 წ.), გარდა გიორგი I-ისა, გაერთიანებული საქართველოს ყველა მეფე (ბაგრატ III, ბაგრატ IV, გიორგი II) ატარებს ბიზანტიურ ტიტულს, რაც, მარიამ არწრუნის ელჩობასთან ერთად, ბიზანტიისადმი ზემომოყვანილი დამოკიდებულების დადასტურებად უნდა ჩაითვალოს.
ლიტერატურა – REFERENSES
1. არისტაკეს ლასტივერტეცი. „ისტორია“, ქართული თარ- გმანი გამოკვლევით, კომენტარებით და საძიებლებით გამოსცა ე. ცაგარეიშვილმა, უცხოური წყაროები საქარ- თველოს შესახებ, წიგნი XXXIII , თბ., 1974.
2. კედრენე გ. გეორგიკა, ტ. V, ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო ს. ყაუხჩიშვილმა, თბ., 1963.
3. ლორთქიფნიძე მ. საქართველოს შინაპოლიტიკური და საგარეო ვითარება X საუკუნის 80-იანი წლებიდან XI
საუკუნის 80-იანი წლებამდე, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტომი III, თბ., 1979.
4. ლორთქიფანიძე მ. საქართველო XI საუკუნის ბოლოსა და XII საუკუნის პირველ მეოთხედში, დავით IV აღმაშე-
ნებელი, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტომი III, თბ., 1979.
5. მატიანე ქართლისაი, ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს.
ყაუხჩიშვილის მიერ, ტომი I , თბ.,1955.
6. მცხეთის საბუთი XI საუკუნისა, ნ. ბერძენიშვილის გამოცემა, საქართველოს ისტორიის საკითხები, IV , თბ.,
1967.
7. პაპასქირი ზ. ერთიანი ქართული ფეოდალური სა- ხელმწიფოს წარმოქმნა და საქართველოს საგარეო- პოლიტიკური მდგომარეობის ზოგიერთი საკითხი, თბ., 1990.
8. სუმბატ დავითის ძე. „ცხოვრება და უწყება ბაგრატ- ონიანთა“, ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტომი I, თბ.,1955.
9. საქართველოს ისტორია, დამხმარე სახელმძღვანელო, I , თბ., 1958.
10. ქართული დიპლომატია, წელიწდეული, IX წიგნი, თბ., 2002.
11. VIII-IX საუკუნეების ქვაზე კვეთილი რელიეფის ადგილი შუა საუკუნეების ქართული სკულპტურის განვითარებაში (ოპიზის რელიეფი აშოტ კუროპალატის გამოსახულებით, ბორჯომის ტიმპანი, თელოვანის და უბისის რელიეფები, უსანეთის სტელა, გველდესის კანკელი, მათი დახასიათება და ანალოგი დასავლეთ ევროპის ხელოვნებასთან), ნათელა ალადაშვილი. „საქართველოს სიძველენი“, 2005, N7-8.
12. Величко А. М., История Византийских императоров. Москва, 2010.
13. Диль Ш., Византийские портреты: (Пер. с фр.), Москва, 1994.
14. Eastmond, Antony, Royal Imagery in Medieval Georgia. Univercity Press, Univercity Park, Pennsylvania, 1998.
NINO TOMADZE
FROM THE HISTORY OF GEORGIAN-BYZANTINE RELATIONSHIPS IN 11TH CENTUURY
(MARIAM ARTSRUNI’S MISSION TO BYZANTIUM, HISTORICAL-MENTAL ANALYSIS)
Summary
In early 11th century, in the Christian east a new state of Georgia has emerged, Georgian lands – Abkhazia, Tao-Klarjeti, Hereti, Kakheti were unified and new, united Georgian monarchy headed by Bagrat III (975-1014) was formed, thus creating basis of Georgian statehood.
Certainly, all these events occurred in the view of the Eastern Roman Empire, so called Byzantium. We can hardly propose the emotions caused in the rulers of Byzantium, outpost of Orthodox Christianity by transformation of ancient Orthodox lands into one powerful monarchy, but the history hives answer to this question, showing that emergence of the new Orthodox Christian kingdom was some kind of challenge for Byzantium. It is fact that for 11th century the Byzantine policies to Georgia were not uniform, with the periods of war and armistice, friendly relationships and internal confrontations, protecting its interests only,
frequently at account of weakening of Georgia and destabilizing Georgian policies. And this evidences that existence of unified Georgian monarchy (at least before invasion of Seljuk Turks, making Byzantium and Georgia into allies) meant new political competitor at international arena.
In 1027, George I (1014-1027), son of Bagrat III died. He had two wives, first Mariam Artsrun and the second – Alde, daughter of the king of Ossetians. Unlike the other Georgian Bagrations, George implemen- ted prominently anti-Byzantium policies. He had no title of Byzantine nobility and instead of dealing with quite severe domestic problems, he commenced war against Caesar Basil II (978-1025) which ended with the defeat of Georgia. As a result of this war, young Prince Bagrat, heir to the throne was taken to Byzantium, as a hostage. In 1025, before his death, Basil II returned him to Georgia. His brother, newly enthroned Constantine VIII (1025-1028) attempted to take Bagrat back, but the ef- fort was vain. In 1027, young Bagrat IV (1027-1082) was enthroned in Georgia. Because of the king’s age, the kingdom was ruled by his mother, Mariam Artsruni. In that period, Georgia faced significant challen- ges, clamping down of the feudal lords that have gone out of hand, joining of Tbilisi Emirate and Kakhet-Hereti independent kingdom, as well as the unsolved issue of the Tao lands beyond border lost at a time of war with Emperor Basil II.
In 1031, visit of large group of Georgian envoys to Byzantium was arranged. According to Georgian sources, the group was led by Queen Mariam Artsruni and Greek author, George Kedrenos wrote that representatives of Mariam have visited Byzantium. Goal of the envoys was achievement of peace and recognition of Bagrat, as a king and awarding high Byzantine position to him.
As I have mentioned above, for Byzantium, the center of Eastern Orthodox Christianity, creation of Georgia was hardly acceptable, this was not in its interests, though, before unification of Georgian lands, the rulers of decomposed Georgia, especially rulers of Kartli and Bagra- tioni, possessing Tao-Klarjeti gave preference to Byzantium, among the other empires (Sasanian Iran, Arab Caliphate) and attempted to be closer to it, due to religious-political factors and this can be clearly seen regarding their Byzantine titles of court nobles (kuropalates, hypatos etc.). Bagrationi were very proud to have such titles and this apparently emphasizes preference and supremacy of Byzantium in their thinking. This mental substance (disregarding anti-Byzantine policies of George I) persisted up to reign of David IV the Builder (1089-1125), which did not need the Byzantine titles as he regarded that he was no lower than the Byzantine emperors, This is evidenced by the fact that he rejected the Byzantine “honors”, for which Bagrat IV’s mother, Mariam Artsru- ni, Queen of Georgia strived so much, for her son.
Mariam’s mission (supposedly accompanied by Catholicos-Patriarch Melkisedek) was successful, Caesar of Byzantium, Romanos Argyros promised the Georgians that he would support peace and to confirm this promise, awarded title of kuropalates to Bagrat VI and ga- ve his nephew, Helena Argyre as his wife.
Unfortunately, Queen Helena, with whom Bagrat has celebrated great wedding at Bana Monastery, died soon and at that stage the relati- ve links between Byzantium and Georgia ended, while Bagrat IV had the title of kuropalates for entire his life and this should be regarded as recognition of Byzantium as the state superior to Georgia.
In the opinion of some scientists, George I was against Mariam Artsruni’s pro-Byzantine policies and for this cause he divorced her and married Alde, daughter of the king of Ossetians. Anyway, after Geor- ge’s death, recognition of eminence and supremacy of Byzantium by Georgian kings is apparent and this can be clearly seen in their policies and this is emphasized for the history of Georgia for entire 11th century, before enthronement of David the Builder, as, irrespective of unification of Georgian lands and creation of independent Georgian state, before reign of David IV the Builder (1089), with the exclusion of George I, all kings of unified Georgia, including Bagrat III, Bagrat IV, George II had Byzantine titles and this is apparent sign of eminence and supre- macy of Byzantium in their thinking system and this is also confirmed by Mariam Artsruni’s mission to Byzantium.